Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ხანგოშვილის მკვლელს ითხოვს


ზელიმხან ხანგოშვილი, ევან გერშკოვიჩი და ვადიმ კრასიკოვი
ზელიმხან ხანგოშვილი, ევან გერშკოვიჩი და ვადიმ კრასიკოვი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი რუსეთში დაპატიმრებული ამერიკელი ჟურნალისტის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდადებულის გადაცემას ითხოვს.

გერშკოვიჩი The Wall Street Journal-ის რეპორტიორია, რომელიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს 2023 წლის მარტში.

ხანგოშვილის მკვლელობისათვის კი გერმანიაში გასამართლებულია ვადიმ კრასიკოვი (იგივე ვადიმ სოკოლოვი).

ხანგოშვილი საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

პუტინმა ხანგოშვილზე, მის მკვლელსა და გერშკოვიჩზე ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუ 6 თებერვალს ჩაწერეს და 9 თებერვალს გამოქვეყნდა.

პუტინმა გაიმეორა, რომ გერშკოვიჩი „სენსიტიური ინფორმაციის მოპოვებით იყო დაკავებული“ და „ამას ჯაშუშობა ჰქვია“. მისი თქმით, იგი „ამერიკული სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა“.

„სპეცსამსახურების გადასაწყვეტია, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას [გერშკოვიჩის გაცვლაზე]. გარკვეული სამუშაოები დაწყებულია. არსებობს ხალხი, ვინც, ჩვენი გადმოსახედიდან, არ არის დაკავშირებული სპეცსამსახურებთან. ახლა გიამბობთ ერთი ადამიანის ამბავს, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყანაში იხდის სასჯელს“, - თქვა პუტინმა ინტერვიუს ბოლო ნაწილში.

„იმ ადამიანმა, პატრიოტული გრძნობებიდან გამომდინარე, ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში ბანდიტის ლიკვიდაცია მოახდინა… კავკასიის მოვლენების დროს, იცით, ეს ბანდიტი რას აკეთებდა? არ მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ მიწევს. ის ჩვენს ტყვედ აყვანილ ჯარისკაცებს გზაზე აწვენდა, შემდეგ კი მანქანით ზეგ გადაუვლიდა ხოლმე. ეს რანაირი ადამიანია? შეიძლება საერთოდ, ადამიანი ეწოდოს? მაგრამ ერთმა პატრიოტმა, რომელმაც მისი ლიკვიდაცია მოახდინა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. თავისი ნებით გააკეთა ეს თუ არა, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ადრე პუტინი ამბობდა, ბერლინში მომხდარი მკვლელობა „ბანდიტური გარჩევის“ შედეგი უნდა იყოს.

ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი), რომელზეც რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.

რუსეთის სამიზნე პანკისელი: ხანგოშვილის მკვლელობა ბერლინში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:30 0:00

პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია.

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო.

მკვლელობა ბერლინის პარკში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:04 0:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმავე წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველო „გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო და მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს“.

ზელიმხან ხანგოშვილმა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდა, ქვეყანა დატოვა მასზე 2015 წელს თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ.

ეს თავდასხმა დღემდე გამოუძიებელია.

XS
SM
MD
LG