Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეკანოზმა შალვა კეკელიამ კლუბ "ბასიანთან" პარაკლისი გადაიხადა


დეკანოზი შალვა კეკელია კლუბ "ბასიანთან". 9 თებერვალი, 2024 წელი
დეკანოზი შალვა კეკელია კლუბ "ბასიანთან". 9 თებერვალი, 2024 წელი

კლუბ "ბასიანთან" თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია მრევლთან ერთად მივიდა და იქ პარაკლისი გადაიხადა.

შეკრებილებს თან ჰქონდათ ხატები. მამა შალვა კეკელია არსებულ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს და ამ საკითხზე დისკუსიის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს.

"ეს ნარკოპოლიტიკა არის ძალიან გამარტივებული. 5 წლის წინ ჩვენ ბათუმში ვაპროტესტებდით ამ პოლიტიკას. ვეუბნებოდით, იცით, ამას რომ აკეთებთ, ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ჩვენ ამას ვიმკით... ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ნარკოპოლიტიკას", - მიმართა შალვა კეკელიამ კლუბთან შეკრებილებს.

პოლიციის კორდონი კლუბ "ბასიანის" მიმდებარედ, სადაც დეკანოზი შალვა კეკელია მრევლთან ერთად მივიდა. 9 თებერვალი, 2024 წელი
პოლიციის კორდონი კლუბ "ბასიანის" მიმდებარედ, სადაც დეკანოზი შალვა კეკელია მრევლთან ერთად მივიდა. 9 თებერვალი, 2024 წელი
დეკანოზი შალვა კეკელია კლუბ "ბასიანთან" მრევლთან ერთად მივიდა. 9 თებერვალი, 2024 წელი
დეკანოზი შალვა კეკელია კლუბ "ბასიანთან" მრევლთან ერთად მივიდა. 9 თებერვალი, 2024 წელი

დეკანოზმა "ბასიანთან" მისვლა მას შემდეგ დაგეგმა, რაც 19 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. იგი, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებას ემსხვერპლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ახალგაზრდა ქალი "ბასიანში" იმყოფებოდა.

"ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ", კლუბმა 6 თებერვალს განცხადება გაავრცელა.

"გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - წერს „ბასიანი“.

მათივე პოზიციაა, რომ "საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის" ნაცვლად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად:

"ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან".

კლუბი მოუწოდებს "მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს", შეწყვიტონ ტრაგედიით "ურცხვად მანიპულირება" და 2018 წელს იხენებს, როდესაც ღამის კლუბებში სპეცრაზმელები შეიჭრნენ.

"ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა".

2018 წლის 12 მაისს ღამით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კლუბებში ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ სპეცოპერაციები ჩაატარა. "ბასიანსა" და "კაფე გალერიში" შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ. მაშინ პოლიციელებმა ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს, მათგან ერთი - უშუალოდ კლუბის ტერიტორიაზე.

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს თბილისში ფართომასსტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ძალადობის და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG