Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი: წელს უკრაინა გამოუშვებს ათასობით დრონს, რომლებსაც რუსეთის ღრმა ზურგში შეეძლებათ დარტყმების განხორციელება


უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილო ფიოდოროვის თქმით, უკრაინას უკვე მოეპოვება ათამდე კომპანია, რომელთა წარმოებულ დრონებს მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდე მიღწევა შეუძლია.
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ მიხაილო ფიოდოროვის თქმით, უკრაინას უკვე მოეპოვება ათამდე კომპანია, რომელთა წარმოებულ დრონებს მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდე მიღწევა შეუძლია.

უკრაინა 2024 წელს გამოუშვებს ათასობით გრძელი რადიუსის უპილოტო საფრენ აპარატს, რომლებსაც რუსეთის ღრმა ზურგში შეეძლებათ დარტყმების განხორციელება. მას უკვე მოეპოვება ათამდე კომპანია, რომელთა წარმოებულ დრონებს მოსკოვამდე და სანქტ-პეტერბურგამდე მიღწევა შეუძლია, განაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფიოდოროვმა.

Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფიოდოროვმა ისაუბრა სექტორის ახალ დეტალებზე.

„გრძელი რადიუსის კამიკაძე დრონების კატეგორია იზრდება, მათ მოეპოვებათ მოქმედების 300, 500, 700 და 1000 კილომეტრის რადიუსი. ორი წლის წინ ეს კატეგორია საერთოდ არ არსებობდა,“ უთხრა მან Reuters-ს.

33 წლის ფიოდოროვი ხელმძღვანელობს უკრაინის ძალისხმევას, ხელი შეუწყოს კერძო სამხედრო სტარტაპებს დრონების მრეწველობის განახლებისა და განვითარებისთვის. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ კიევი ახალ გზებს ეძებს თავდაცვით პოზიციებში მყარად გამაგრებული რუსეთის ჯარების წინააღმდეგ.

ფიოდოროვის თქმით, უკანასკნელ ხანებში რუსეთის ნავთობის მრეწველობის ობიექტების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები ნათელყოფს მთავრობის წარმატებებს დრონების ბაზრის სწრაფ დერეგულაციასა და მის მზარდ დაფინანსებაში, სადაც სახელმწიფო ინვესტორის როლში გამოდის.

ფიოდოროვის თქმით, განსხვავებით რუსეთისგან, სადაც დრონების მრეწველობა სახელმწიფოს ხელშია, უკრაინაში შორი რადიუსის დრონების მწარმოებელი ათამდე კომპანიიდან მხოლოდ ერთია სახელმწიფო საწარმო.

XS
SM
MD
LG