თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ყოფილი ცოლის, 27 წლის მარიტა მაზიაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ლაჩაშვილი. როგორც პროკურატურა აცხადებს, მოსამართლემ სრულად გაიზიარა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 32 წლის ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო", - აცხადებს პროკურატურა.
სამართალდამცველებმა ლაჩაშვილი 2023 წლის 6 ივნისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) ჰქონდა წარდგენილი.
პროკურატურა სასამართლოს განაჩენს, სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.