სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 7 ადამიანი დაიჭრა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. დაზიანებულია სახლები და სასწავლო დაწესებულებები.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 66 წლის ქალი დაიღუპა ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში, სადაც მთლიანად დაინგრა ერთი კერძო სახლი და რამდენიმე დაზიანდა
ქალაქ ლვოვის მერიის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი და დაზიანებულია 15-ზე მეტი სახლი, სკოლა და ინფრასტრუქტურული ობიექტი. რომელი მერს არ დაუკონკრეტებია. სადოვის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კარგად იმუშავა და მხოლოდ ერთი რაკეტა მოხვდა ინფრასტრუქტურულ ობიექტს, აფეთქების ტალღამ კი სახლები და სკოლის შენობა დააზიანა.
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა ქალაქ ზაპოროჟიეში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულება და სავაჭრო ობიექტი. ასევე, ინფრასტრუქტურის ობიექტი. რომელი, ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოში არ დააკონკრეტეს.
წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია კიევში.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინის პრაქტიკულად, მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამთენიისას გამოცხადდა.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს საჰაერო ბაზირების რაკეტებით(Х-101/Х-555/Х-55), საზღვაო ბაზირების რაკეტებით „კალიბრი“, ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“, საზენიტო-მართვადი რაკეტებით(С-300) და მართვადი საავიაციო რაკეტებით(Х-59). საჰაერო ძალების თანახმად, სულ გამოყენებული იყო 26 რაკეტა და მათგან 13 გაანადგურეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინაზე დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.