Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში ერთნაირი სქესის წყვილებს ქორწინების უფლება ექნებათ


საბერძნეთში 15 თებერვალს დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც აკანონებს ერთი სქესის პირთა სამოქალაქო ქორწინებას
საბერძნეთში 15 თებერვალს დამტკიცდა კანონპროექტი, რომელიც აკანონებს ერთი სქესის პირთა სამოქალაქო ქორწინებას

საბერძნეთის პარლამენტმა 15 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც ერთი და იმავე სქესის პირებს სამოქალაქო ქორწინების უფლება ექნებათ. ეს არის ლგბტ-თემის უფლებების მხარდამჭერების საეტაპო გამარჯვება, რომელსაც პარლამენტის სტუმრები და ათენის ქუჩებში შეკრებილი ადამიანები სიხარულით შეეგებნენ.

კანონი ერთნაირი სქესის წყვილებს აძლევს უფლებას დაქორწინდნენ და იშვილონ ბავშვები. საბერძნეთი არის ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც დაუშვა ასეთი ოჯახების არსებობა.

კანონპროექტი 300-მანდატიან პარლამენტში 176-მა დეპუტატმა დაამტკიცა და მთავრობის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია „ახალი დემოკრატიის“ წევრებმა თავი შეიკავეს ან მხარი არ დაუჭირეს კანონპროექტს, მან მოიპოვა საკმარისი მხარდაჭერა მემარცხენე ოპოზიციის მხრიდან პარტიული ერთიანობის იშვიათი ჩვენებით, მიუხედავად დაძაბული დებატებისა.

ბოლოდროინდელი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ბერძნები ამ საკითხზე ორად არიან გაყოფილი. გავლენიანი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თვლის, რომ ჰომოსექსუალობა ცოდვაა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთნაირი სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზებას.

ლგბტ-თემის უფლებების დამცველები თვლიან, რომ კანონი ჯერ კიდევ უწესებს დაბრკოლებებს თემის წევრებს.

2015 წელს საბერძნეთმა დაუშვა სამოქალაქო პარტნიორობა ერთნაირი სქესის წყვილებს შორის, ხოლო 2017 წელს მათ გენდერული იდენტობის იურიდიული აღიარება მისცა.

XS
SM
MD
LG