Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

U2-ის სოლისტმა ლას ვეგასში მსმენელებს ალექსეი ნავალნის სახელის სკანდირება სთხოვა


U2-ის მუსიკოსები, ბონო და ედამ კლეიტონი პარიზში გამოსვლისას 6 დეკემბერი, 2015 წელი
U2-ის მუსიკოსები, ბონო და ედამ კლეიტონი პარიზში გამოსვლისას 6 დეკემბერი, 2015 წელი

ირლანდიური როკ ჯგუფის, U2-ის სოლისტმა ბონომ ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე შეკრებილ ხალხს ალექსეი ნავალნის სახელის სკანდირება სთხოვა.

მუსიკოსმა, რომელიც ცნობილია თავისი აქტიური სამოქალაქო პოზიციით, სცენიდან ილაპარაკა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილზე, რომლის სახელს, როგორც ბონომ აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არასდროს ახსენებს. ბონოს გამოსვლის დასაწყისი, „მედუზას“ ცნობით, უკრაინას მიეძღვნა.

ბონომ აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინელებს მისცეს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ, რადგან ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან. "ამ ხალხისთვის "თავისუფლება" ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა მსოფლიოში. იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან ამისთვის. და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ალექსეი ნავალნიმ გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის [თავისუფლებაზე]. პუტინი არასოდეს იტყვის მის სახელს. ასე რომ, ვფიქრობდი, რომ დღეს აქ თავისუფალი ხალხია, ხალხი, ვისაც თავისუფლების სჯერა... მისი სახელი უნდა გამოვთქვათ“, - თქვა U2-ის მუსიკოსმა.

ამის შემდეგ მაყურებელმა დაიწყო ალექსეი ნავალნის სახელის სკანდირება და მუსიკოსებმა დაუკრა Crowded House-ის სიმღერა Don't Dream It's Over ("ნუ იფიქრებ, რომ ეს დასასრულია"), იტყობინება Meduza. U2-ის წამყვანმა მუსიკოსმა, ბონომ უკრაინას მხარი დაუჭირა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე. 2022 წლის მაისში მან და ჯგუფ Edge-ის ვოკალისტმა კონცერტი გამართეს კიევის მეტროსადგურ კრეშჩატიკში.

XS
SM
MD
LG