Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა წოდება აუმაღლა გენერალს, რომელსაც კავშირი აქვს ნავალნის უფლებების შეზღუდვასთან


ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სიმბოლური მემორიალები გახსნეს
ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სიმბოლური მემორიალები გახსნეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გენერლის უფრო მაღალი წოდება მიანიჭა სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ვალერი ბოიარინევს, რომელიც პირადად გასცემდა კოლონიაში ალექსეი ნავალნის უფლებების შეზღუდვის ბრძანებებს. ამის შესახებ წერს დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“, რომელმაც ყურადღება მიაქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალების შემდეგ პუტინის მიერ გამოცემულ ბრძანებას.

ოფიციალური ინფორმაციით, პატიმარი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა. 19 თებერვალს გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება „ძალოვანი უწყებების“ რამდენიმე ათეული წარმომადგენლისთვის ახალი სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ. მათ შორისაა ბოიარინევი, რომელიც პუტინის ბრძანებით გენერალ-პოლკოვნიკი გახდა. 19 თებერვლამდე მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება ჰქონდა.

„ვაჟნიე ისტორიის“ თანახმად, ბოიარინევის განკარგულებით, პატიმარ ალექსეი ნავალნის შეუზღუდეს თანხა, რომლითაც საკვების ყიდვა შეეძლო. პროექტ „Гулагу-нет“-ის დამფუძნებელი, ყოფილი მეწარმე ვლადიმირ ოსეჩკინი ირწმუნება, რომ ბოიარინევი კურატორობდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნავალნის და უკრაინელი ტყვეების წამებას.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რენიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა.

ოპოზიციონერი ლიდერი, 47 წლის ალექსეი ნავალნი თაღლითობის და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებებით, 19-წლიან სასჯელს იხდიდა იამალის ოლქის კოლონიაში. ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.

XS
SM
MD
LG