Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ღაზას ბომბავს გაეროში ზავის შესახებ კენჭისყრის წინ


ღაზის ქალაქი რაფაჰი ისრაელის იერიშისას, 2024 წლის 13 თებერვალი
ღაზის ქალაქი რაფაჰი ისრაელის იერიშისას, 2024 წლის 13 თებერვალი

ისრაელმა 20 თებერვალს საჰაერო თავდასხმები განახორციელა ღაზაზე, იმ ფონზე, როცა ქვეყნები ცდილობენ საზავო შეთანხმების შემუშავებას გაეროს უშიშროების საბჭოში დანიშნულ კენჭისყრამდე - რომელსაც, გავრცელებული მოლოდინით, აშშ ვეტოს დადებით დაბლოკავს.

გაერო განგაშით გამოდის ღაზაში შექმნილი უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარების გამო და აცხადებს, რომ საკვების დეფიციტს შესაძლოა მოჰყვეს ბავშვთა სიკვდილიანობის "აფეთქება".

ოთხ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მიმდინარე ომის შედეგად მიწასთანაა გასწორებული ღაზის ტერიტორიის დიდი ნაწილი, 2,2 მილიონი ადამიანი შიმშილის პირასაა, მოსახლეობის სამი მეოთხედი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა - აცხადებს გაერო.

ომი დაიწყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან ისრაელზე უპრეცედენტო თავდასხმით 7 ოქტომბერს, რასაც 1160-მდე ადამიანი შეეწირა - ძირითადად სამოქალაქო პირები. ტყვედ წაიყვანეს 250-მდე პირი, მათგან 130 ღაზაში რჩება, ისრაელის მონაცემებით სავარაუდოდ დაღუპულია 30 ტყვე.

ღაზის ჯანდაცვის მესვეურთა ბოლო მონაცემებით, ისრაელის საპასუხო შეტევას ემსხვერპლა სულ მცირე 29,195 ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.

XS
SM
MD
LG