Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს საარჩევნო კოდექსში შეტანილ სადავო ცვლილებებს


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს.

„დღეს, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტით იმყოფება და როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაა ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტმა, მმართველმა უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც წინააღმდეგობაშია როგორც ვენეციის კომისიის, ასევე, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან.

ნაცვლად დამოუკიდებელი, ფართო კონსენსუსით შერჩეული და არჩეული საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელისა და წევრებისა, მიღებული ცვლილებებით, ცესკოს დაკომპლექტების პროცესი გახდა სრულიად ფიქტიური, რომელიც მხოლოდ მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესზეა მორგებული", - ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ვეტოს დადების ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია ის, რომ ცვლილებები გამოიწვევს საარჩევნო პროცესისადმი უნდობლობას.

„შეიქმნა რისკი, რომ არჩევნებს ჩაატარებს ერთპარტიული, მიკერძოებული და მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი საარჩევნო ადმინისტრაცია, ეს კი გამოიწვევს პროცესის მიმართ უნდობლობას, როგორც საზოგადოებაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში.

როგორც არაერთხელ აქვს ნათქვამი, საქართველოს პრეზიდენტი ,,საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს“, ისევე როგორც ყველა, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ქვეყნის ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს!" - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში რომ შევიდეს, მას სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი 10 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს. ის 2 კვირის ვადაში ხელს აწერს და აქვეყნებს კანონს ან მოტივირებული შენიშვნებით უბრუნებს პარლამენტს (ვეტოს ადებს).

პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმდენივე ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

პარლამენტმა 20 თებერვალს მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომლითაც უქმდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციიდანაა დანიშნული. ეს პოსტი ამჟამად „ლელოს“ წევრს, გიორგი სიორიძეს უკავია. ცესკოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი ხელმძღვანელის მოვალეობას, ოპოზიციიდან დანიშნული მოადგილის ნაცვლად, ცესკოს მდივანი შეასრულებს.

კანონპროექტი ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის პროცედურის ცვლილებასაც ითვალისწინებს: პირველ ეტაპზე, წევრის და თავმჯდომარის არჩევა შესაძლებელი იქნება პარლამენტის შემადგენლობის სამი მეხუთედის (90 ხმა) მხარდაჭერით. თუკი კანდიდატები ხმების საკმარის რაოდენობას ვერ მოიპოვებენ, მეორე კენჭისყრაზე ჩვეულებრივი უმრავლესობა (76 ხმა) მიიღებს გადაწყვეტილებას. კანდიდატურების მორიგი ჩავარდნის შემთხვევაში, კვლავ ანალოგიური პრინციპით გაიმართება კენჭისყრა. საბოლოოდ თუ პარლამენტი ვერ შეძლებს წევრის/თავმჯდომარის არჩევას, კანდიდატურების დანიშვნის უფლებამოსილება მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა პრეზიდენტს.

კანონპროექტი უცვლელად ტოვებს პრეზიდენტთან დაკავშირებული შესწორებას, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ზაფხულში მიიღო. იმდროინდელი ცვლილება ვენეციის კომისიამ უარყოფითად შეაფასა: „ცესკოს უპარტიო წევრებისა და თავმჯდომარის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარისგან კვლავ საქართველოს პრეზიდენტს გადაეცეს".

2023 წლის ივნისში „საარჩევნო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. მანამდე მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებდა კონკურსს და ქმნიდა კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს კი წარუდგენდა პარლამენტს.

„საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანა „ქართულმა ოცნებამ" მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც არაერთი მცდელობის მიუხედავად, პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვერ აირჩია. თავმჯდომარის ასარჩევად მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია კი მისაღებ კანდიდატურაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. ამის გამო მეორე ეტაპზე „ქართული ოცნება" თავმჯდომარეს ჩვეულებრივი უმრავლესობით (76 ხმით) ირჩევდა და ის თანამდებობას 5 წლის ნაცვლად, 6 თვით იკავებდა

XS
SM
MD
LG