Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა უარყოფს შოიგუს განცხადებას, რომ ხერსონში უკრაინელების „პლაცდარმი გაანადგურეს"


უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „მანიპულაცია და ფაქტების ფალსიფიკაცია“ უწოდეს რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებას, რომ რუსმა სამხედროებმა „გაათავისუფლეს“ ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტი კრინკი.

კრინკი მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. ხერსონის ოლქის ეს ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობებით, უკრაინის არმიამ კონტრშეტევის შედეგად კრინკის რაიონი თავის პლაცდარმად აქცია.

20 თებერვალს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ პრეზიდენტ პუტინს უპატაკა, რომ კრინკის „გაწმენდა“ დასრულებულია, კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ამ დასახლებული პუნქტის „გათავისუფლებამ“ ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა უკრაინის კონტრშეტევას.

შოიგუმ ისიც თქვა, რომ კრინკის რაიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგი დაახლოებით 3 400-ს სამხედროს შეადგენს.

20 თებერვალს, ღამით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ შოიგუს პასუხად განაცხადა, რომ ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე იერიშის წარუმატებლობის გამო, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მანიპულაციას და ფაქტების ფალსიფიკაციას მიმართეს. სარდლობის თანახმად, რუსეთის განცხადება დნეპრის მარცხენა ნაპირზე „პლაცდარმის გაწმენდის" შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და უკრაინის თავდაცვის ძალები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ.

სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, 20 თებერვალს, დღის განმავლობაში შტურმის ერთადერთი მცდელობის შემდეგ, საოკუპაციო ძალებმა არსებითი დანაკარგის გამო უკან დაიხიეს „წინასწარ მომზადებულ პროპაგანდისტულ პოზიციებზე“, საიდანაც ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას პლაცდარმის განადგურების შესახებ.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW) ღია წყაროებით გავრცელებული ვიზუალური და სხვა მასალების გაანალიზების საფუძველზე წერს, რომ უკრაინელი სამხედროები კრინკის რაიონში პლაცდარმს ინარჩუნებენ. ISW-ს 20 თებერვლისთვის არ დაუფიქსირებია არანაირი მტკიცებულება, რომ რუსეთის ძალებმა კრინკისთან რაიმე საგრძნობ წარმატებას მიაღწიეს. ამერიკული ცენტრის ანალიტიკოსების შეფასებით, როგორც ჩანს, განცხადებები კრინკის „გათავისუფლების“ შესახებ, კრემლს სჭირდება მარტის საპრეზიდენტო არჩევნების წინ „სასურველი საინფორმაციო ეფექტის გასაძლიერებლად“.

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქი 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს.
  • 2022 წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG