Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატ ავთანდილ ენუქიძის ცოლი პარლამენტში დავით ზილფიმიანის თანაშემწედ მუშაობს


პარლამენტის წევრები ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი
პარლამენტის წევრები ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფიმიანი

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატის, ავთანდილ ენუქიძის ცოლი მისი კოლეგის - დავით ზილფიმიანის თანაშემწეა. ენუქიძე და ზილფიმიანი პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, პარტია "პატრიოტთა ალიანსის" სიით მოხვდნენ, მოგვიანებით კი საერთო პოლიტიკური ჯგუფი შექმნეს.

ავთანდილ ენუქიძე ერთ-ერთი მილიონერი დეპუტატია. მისი და მისი ცოლის, თამთა ღლონტის სახელზე არაერთი ძვირადღირებული ქონებაა რეგისტრირებული, საბანკო ანგარიშებზე კი ასი ათასობით ლარი.

"მოთხოვნებს, რასაც დეპუტატის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს, ვაკმაყოფილებდი. ბატონ დავითს ისედაც ვიცნობდი მანამდე... შემოთავაზება მისი მხრიდან იყო... მე პროფესორი ვარ, ვმუშაობ უნივერსიტეტში და ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებ", - უთხრა თამთა ღლონტმა რადიო თავისუფლებას და აღნიშნა, რომ დეპუტატ ზილფიმიანის თანაშემწეა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

თანამდებობის პირის განახლებული ქონებრივი დეკლარაცია დეპუტატმა ენუქიძემ 2024 წლის 20 თებერვალს შეავსო. ამ დოკუმენტით ირკვევა, რომ მათი მთავარი შემოსავლის წყარო საპარლამენტო საქმიანობა არ არის.

2023 წელს ავთანდილ ენუქიძის ხელფასი პარლამენტში 60 864 ლარი იყო, თამთა ღლონტმა კი 20 235 ლარი. ღლონტი ასევე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ფლობს შპს "ავტო 2022"-ის წილს. დეპუტატ ენუქიძეს კი ეკუთვნის ორ კომპანიაში წილები, საიდანაც ჯამში 700 000 ლარზე მეტი მიიღო შემოსავლის სახით.

ავთანდილ ენუქიძის ქონებრივი დეკლარაცია
ავთანდილ ენუქიძის ქონებრივი დეკლარაცია

"ევროპელი სოციალისტები" 2021 წლის იანვარში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფია. მასში გაერთიანებულია პარლამენტის ოთხი დეპუტატი: ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია.

2020 წელს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ბოიკოტს აცხადებდა და უარს ამბობდა პარლამენტში შესვლაზე, მათ შორის იყო პარტია "პატრიოტთა ალიანსი". ამ პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს, მათგან მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" მიმართვა დაკმაყოფილდა და მათ ნაცვლად პარლამენტში შევიდნენ ე.წ. სათადარიგო სიაში მყოფი დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია.ავთანდილ ენუქიძე მალევე თქვა, რომ ის აპირებდა "პატრიოტთა ალიანსის" სახელით მიღებული მანდატის გამოყენებას.

წინასაარჩევნოდ, 2020 წელს "პატრიოტთა ალიანსს" 60-60 ათასი ლარი შესწირეს: ფრიდონ ინჯიამ, ავთანდილ ენუქიძემ და მისმა ცოლმა - თამთა ღლონტმა.

XS
SM
MD
LG