რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სიტყვებზე, „crazy SOB“ - „შეშლილი ბ.ზ. შვილი,“ რომლითაც მან რუსეთის ლიდერი მოიხსენია სან-ფრანცისკოში 21 თებერვალს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
პუტინმა ეს სიტყვები „ადეკვატური რეაქციად“ მიიჩნია თავის ბოლო განცხადებაზე, რომ რუსეთს აშშ-ის პრეზიდენტად ბაიდენი ურჩევნია დონალდ ტრამპს.
„თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით, რაც ახლა თქვა ბაიდენმა, მე აბსოლუტურად მართალი ვიყავი... ის ვერ იტყოდა: „ვოლოდია, ყოჩაღ, გმადლობ, ძალიან დამეხმარე“, - თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ ბაიდენისთვის უპირატესობის მინიჭებაზე როცა ლაპარაკობდა, რუსეთის აუდიტორიას მიმართავდა, არა ამერიკულს, და რომ მზად არის გაიმეოროს სიტყვები.
ბაიდენის განცხადება პუტინის შესახებ სან-ფრანცისკოში დემოკრატიული პარტიის დონორთა კონფერენციაზე გაკეთდა. ამერიკის პრეზიდენტი კლიმატის პრობლემებზე ლაპარაკობდა: " ჩვენ გვყავს „შეშლილი SOB", როგორიცა ეს პუტინია, ჩვენ ყოველთვის უნდა გვაღელვებდეს ბირთვული კონფლიქტი, მაგრამ კაცობრიობის ეგზისტენციალური საფრთხე კლიმატია,” - reuters-ის თანახმად, უთხრა ბაიდენმა დონორების მცირე ჯგუფს.
ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკა გააძლიერა წინასაარჩევნო პერიოდში. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, შეკითხვაზე, მოკლეს თუ არა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, უპასუხა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, "მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნავალნის სიკვდილი იყო შედეგი იმისა, რაც პუტინმა და მისმა სასტიკმა ბოროტმოქმედებმა გააკეთეს".
ჯო ბაიდენის გამონათქვამს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აშშ-სთვის "სამარცხვინო" უწოდა და თქვა, რომ ის არ შეურაცხყოფს რუსეთის პრეზიდენტს.