Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გააფრთხილა თავისი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის "სამართლებრივი შედეგების" თაობაზე


რუსი სპორტსმენები
რუსი სპორტსმენები

რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა გააფრთხილა რუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის "შედეგების" შესახებ.

რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა (ROC) მოსალოდნელი კანონდარღვევის შესახებ გააფრთხილა რუსი სპორტსმენები, რომლებიც დათანხმდებიან ნეიტრალური სტატუსით მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC).

23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის არსებული მოთხოვნების მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის კანონმდებლობის დარღვევა“.

„შესაბამისი პროფილის კომისიები და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის აპარატი, ყურადღებით აანალიზებენ რა არსებულ პირობებს, იღებენ ყოვლისმომცველ ზომებს, რათა სათანადოდ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის სპორტული ფედერაციები შესაძლო სამართლებრივი და სხვა უარყოფითი შედეგების შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში, სადაც იმაზეც არის საუბარი, რომ „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყველა ღონეს ხმარობს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მიწვეული რუსების რაოდენობის შესამცირებლად“.

„რაც შეეხება ცალკეულ სპორტსმენებს, რომლებიც ჯერ კიდევ მზად არიან მიიღონ დამამცირებელი პირობები თამაშებში მონაწილეობისთვის, მათთან დაკავშირებითაც კი, IOC ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს მიწვეულთა რაოდენობა. არ არის გამორიცხული, რომ შემოიღონ განთესვის ახალი, დამატებითი პარამეტრები. ლოზანამ ცოტა ხნის წინ პირდაპირ განაცხადა ამის შესახებ“, - აღნიშნულია ROC-ის განცხადებაში.

23 თებერვალს, სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) უარყო რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის აპელაცია. რუსეთი ასაჩივრებდა IOC-იდან მის დროებით მოკვეთას.

„ამით ლოზანის არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ რუსეთის ოლიმპიური გუნდი, რუსი სპორტსმენები და ოფიციალური პირები არ მიიღებენ მონაწილეობას პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშებში, ისევე როგორც გამორიცხა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერი შესაძლო ურთიერთქმედება იმ სპორტსმენებთან, რომლებსაც საერთაშორისო კომიტეტი ცნობს „ნეიტრალურის“ კრიტერიუმთან შესაბამისად“, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

2023 წლის ოქტომბერში საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) მოიკვეთა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიებიდან დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების თავის სპორტული ორგანიზაციების ჩართვის გამო.

IOC-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტს (ROC) აღარ აქვს უფლება იმოქმედოს როგორც ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ROC-ი ასევე ვერ მიიღებს დაფინანსებას საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობიდან.

2023 წლის დეკემბერში IOC-მა კვლავ დაუშვა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით. მანამდე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს მხოლოდ ინდივიდუალურ სპორტში ეძლეოდათ ასპარეზობის უფლება. ამასთან ისინი უნდა გამოსულიყვნენ საასპარეზოდ ქვეყნის (რუსეთის, ბელარუსის) სიმბოლოების გარეშე, არ უნდა ყოფილიყვნენ სამხედრო მოსამსახურეები და არ უნდა უჭერდნენ მხარს უკრაინის ომს სოციალურ ქსელებში.

XS
SM
MD
LG