Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი არ გამორიცხავს უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს სამომავლოდ უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ჯარების გაგზავნას. ამის შესახებ, როგორც მედიასაშუალებები, მათ შორის სააგენტო AFP, გამოცემა Le Monde-ი და ტელეკომპანია CNN-ი იუწყებიან, ემანუელ მაკრონმა 26 თებერვალს, ღამით განაცხადა პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად გამართული კონფერენციის შემდეგ. მაკრონის თქმით, დღეს ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეიქმნება ახალი კოალიცია, რომელიც უკრაინას მიაწვდის საშუალო და შორ მანძილზე მოქმედების რაკეტებს და სხვა საბრძოლო მასალებს.

როგორც მაკრონმა თქვა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთმა ომში გამარჯვება ვერ შეძლოს, რადგან ეს სჭირდება ევროპის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ მოწვეულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრები, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის და კანადის წარმომადგენლები.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ გააკრიტიკა ოპოზიციამ. სოციალისტური პარტიის ლიდერმა ოლივიე ფორმა ემანუელ მაკრონის სიტყვებს შემაშფოთებელი დაუფიქრებლობა უწოდა. ფორის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა აუცილებელია, მაგრამ რუსეთთან ომში ჩართვა - სიგიჟე.

სააგენტო AFP-ს ცნობით, 26 თებერვალს, პარიზში გამგზავრების წინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, პრორუსული პოზიციით ცნობილმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკავშირის და ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა განიხილავს უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას. ფიცომ ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზეზით, კონკრეტული ქვეყნები არ დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG