Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

TKT.ge შეფერხებით მუშაობს - საქართველო-ლუქსემბურგის ბილეთების გაყიდვა ვერ დაიწყო


სკრინი TKT.ge-ის ვებსაიტიდან
სკრინი TKT.ge-ის ვებსაიტიდან

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მატჩს ლუქსემბურგის წინააღმდეგ 21 მარტს, 21:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე", გამართავს.

წინასწარ დაანონსებული იყო, რომ ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ონლაინრეჟიმში, TKT.ge-ზე, დაიწყებოდა დღეს, 27 თებერვალს, 12:00 საათზე. თუმცა ამ დროისთვის ვებსაიტი შეფერხებით მუშაობს და ბილეთების ყიდვა შეუძლებელია. „მაღალი მოთხოვნის გამო ვებგვერდი დროებით მიუწვდომელია", - წერია TKT.ge-ზე.

განახლება

მოგვიანებით TKT.ge-ზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო, თუმცა მომხმარებლებს მათ შესაძენად ხანგრძლივი ლოდინი უწევთ.

სკრინი TKT.ge-ის ვებსაიტიდან
სკრინი TKT.ge-ის ვებსაიტიდან

მატჩზე დასასწრები ბილეთი ნებისმიერი ასაკის ადამიანს სჭირდება. ერთ მომხმარებელს მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების შესაძენად საჭიროა იმდენი ადამიანის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, არასრულწლოვანის შემთხვევაში კი მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია) მითითება, რამდენ ბილეთსაც მომხმარებელი ყიდულობს.

ლუქსემბურგთან მატჩს გამოტოვებს საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ჯგუფში მიღებული ბარათები (კვარაცხელიამ ესპანეთთან მატჩში მიიღო მესამე გაფრთხილება) გავლენას მოახდენდა პლეი-ოფზე, რომელზეც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონში პირველი ადგილის დაკავების შედეგად მოხვდა.

ლუქსემბურგის დამარცხების შემთხვევაში, საქართველო პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საბერძნეთს 26 მარტს „დინამო არენაზე" შეხვდება. გამარჯვებული ეროვნული ნაკრები გერმანიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

XS
SM
MD
LG