Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას - კობახიძე ლგბტ გამოხატვის შემზღუდველ პროექტზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

მთავრობა მზადაა ჩაერთოს იმ კანონპროექტის მომზადებაში, რომლის მიზანიც, მმართველი პარტიის განმარტებით, "საზოგადოების დაცვაა". ლგბტ გამოხატვის შემზღუდველ პროექტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ილაპარაკა.

მისი თქმით, მთავარია, შემუშავებული დოკუმენტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდეს.

"მე მესმის საპარლამენტო უმრავლესობის შეშფოთების, არის მძიმე ტენდენციები სხვადასხვა სახელმწიფოში, რაც პირდაპირ სტატისტიკაზეც აისახება. ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას სურს საზოგადოების დაცვა ასეთი პროცესების შესაძლო განვითარებისგან საქართველოში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები", - თქვა მან.

საქართველოს კონსტიტუციით, ყველა ადამიანი თანასწორია და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

გუშინ, 29 თებერვალს, პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გეგმავენ შეიმუშაონ კანონპროექტი, რომლის მიზანიც "საზოგადოების ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან" დაცვაა. რამდენიმე თვით ადრე, 2023 წლის 3 მაისს კი, მან თქვა, რომ "ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონის მიღება არ განიხილებოდა.

რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები - მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე. 2023 წლის 30 ნოემბერს კი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით აკრძალა არარსებული საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა და ის ექსტრემისტულად გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG