Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12 წლის ანას საქმის გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა


12 წლის ანი იანუშაიტიტე
12 წლის ანი იანუშაიტიტე

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა [სსკ-ის 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით]. დანაშაული სასჯელის სახით, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაპირველად, ექსპერტს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი] ჰქონდა წარდგენილი, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

ექსპერტისთვის ბრალდების შეცვლას ოჯახი და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" მოითხოვდა.

"საკვანძო მტკიცებულების დაზიანების შესახებ „უფლებები საქართველომ“ საზოგადოებას 2023 წლის ივლისში აცნობა. ამბის გასაჯაროების შემდეგ, პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით - ჯარიმის დაკისრებით - გაეთავისუფლებინა.

ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის. გარდა ამისა, იგი, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის თანამდებობიდან გადააყენეს.

"12 წლის ანის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგაც, მომხდარის გარემოებები ბუნდოვანია, ხოლო ნივთმტკიცებები, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება, დაზიანებულია. ამ პირობებში, ოჯახი და „უფლებები საქართველოს“ იურისტები განაგრძობენ ბრძოლას იმისათვის, რომ ანის გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რისთვისაც საქმეში ევროპული ან ამერიკული საგამოძიებო უწყებების და ექსპერტების ჩართვას მოითხოვენ", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

17 მარტს, ბავშვის გარდაცვალების დღეს, საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისა და ექსპერტიზის ბიუროდან ანის ცხედრის სახლში გადასვენების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანი, შესაძლოა უბედური შემთხვევის, საკვების გადაცდენის შედეგად გარდაცვლილიყო.

ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო დასკვნა 28 აპრილს გასაჯაროვდა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბავშვის სხეულზე აღმოჩენილია 40-მდე სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც ბავშვს სიცოცხლის პერიოდში აქვს მიღებული და ემთხვევა მისი გარდაცვალების დროს. რაც შეეხება ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზს, დასკვნის თანახმად, გარდაცვალების ფაქტის დადგომა დაკავშირებულია ასფიქსიასთან.

XS
SM
MD
LG