Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

45 დღე სკოლაში არ უვლია გოგოს, რომელსაც ოჯახი მესამე დღეა ვერ პოულობს


პოლიციის შენობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში
პოლიციის შენობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან გატაცებული 13 წლის გოგოს ოჯახის წევრების გამოკითხვა ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში დასრულდა. გამოკითხეს სავარაუდო გამტაცებლის, 16 წლის ბიჭის მამაც. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ აქვს ინფორმაცია სად შეიძლება იმყოფებოდეს მისი შვილი.

„გოგო არ მოუტაცებია. ერთი რამ ვიცი, რომ გოგო ჩემს შვილს გამუდმებით სწერდა წერილებს და ეუბნებოდა, რომ ძალიან უყვარდა. რა მოხდა, არ ვიცი“, - ამბობს არასრულწლოვანი ბიჭის მამა.

პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს გოგოს მამაც. ის ირწმუნება, რომ 13 წლის გოგო ღამით სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და გაიტაცეს.

„ბიჭის ოჯახი ამბობს, რომ ვითომ ჩემი შვილი მათ შვილს სასიყვარულო წერილებს სწერდა. ეს წერილები მიუტანიათ პოლიციაშიც, რაზეც მე ვამბობ, რომ ტყუილია... ეს წერილი არ ეკუთვნის ჩემს შვილს. ბავშვი გაიტაცეს და მესამე დღეა ვერავინ პოულობს, ვის მივმართო, უკვე აღარ ვიცი“, - ამბობს გატაცებული გოგოს მამა.

რადიო თავისუფლება იმ სკოლის დირექტორს ესაუბრა, სადაც 13 წლის გოგო სწავლობდა. დირექტორის ინფორმაციით, ბოლო 45 დღის განმავლობაში მე-7 კლასელი გოგო სკოლაში არ გამოცხადებულა.

„როდესაც კლასის დამრიგებელმა მითხრა, გოგო სკოლაში არ დადის და გაცდენები იწერებაო, დავიწყეთ მიზეზების გარკვევა. სახლში რამდენჯერმე მივაკითხეთ, მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა. შემდეგ მეზობლებმა გვითხრეს, რომ საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენო. ეს ამბავი შევატყობინეთ სოციალურ სამსახურსაც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სკოლის დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, ბიჭი, რომელიც გოგოს სავარაუდო გამტაცებლად არის დასახელებული, მათი მოსწავლე არ არის, რადგან 9-წლიანი განათლების მიღების შემდეგ სკოლიდან წავიდა.

დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, რომ 13 წლის გოგოს სავარაუდო გამტაცებელი სასკოლო ავტობუსის მძღოლად მუშაობდა.

„სკოლაში, სასკოლო ავტობუსის მძღოლად მუშაობს ბიჭის მამა და სხვა სოფლებიდან მოსწავლეები მოჰყავს და უკან მიჰყავს. შვილი აქ არ მუშაობს“, - ამბობს დირექტორი.

რადიო თავისუფლება ცდილობს, სოციალური ზრუნვის სააგენტოდან მიიღოს ინფორმაცია, რა იცოდნენ 13 წლის გოგოს შესახებ, რომელიც 45 დღე სკოლას აცდენდა. მეშვიდეკლასელი გოგოს გატაცების შესახებ ინფორმაცია მედიას გოგოს მამამ 1 მარტს მიაწოდა, თუმცა შემთხვევა 28 თებერვალს მოხდა. მამა ამბობს, რომ გოგოს ეძებს პოლიციაც, რომელიც დამაიმედებელს ვერაფერს ეუბნება. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყება დამატებით შეკითხვებს არ პასუხობს.

XS
SM
MD
LG