4 მარტს ნატო იწყებს წვრთნას ჩრდილოეთში ახლად გაფართოებული ტერიტორიების დასაცავად. 13 ქვეყნის 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობს სამხედრო სწავლებაში, რომელიც თითქმის ორ კვირას გასტანს და ფინეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ჩრდილოეთ რეგიონებში გაიმართება.
წვრთნას, რომლის სახელწოდებაა „ჩრდილოური პასუხი 2024“, ნორვეგია ხელმძღვანელობს. მასში მონაწილეობს ფინეთის 4000-ზე მეტი ჯარისკაცი, რაც ნატოს ახალი წევრის სამხედროთა ყველაზე დიდი რაოდენობაა საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში ქვეყნის მონაწილეობის მთელი ისტორიის მანძილზე, იტყობინება ფინეთის შეიარაღებული ძალები.
ფინეთი, რომელსაც რუსეთთან 1340-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს, 2023 წლის აპრილში გახდა ნატოს წევრი.
მას შემდეგ, რაც ნატოს ყველა წევრმა მოახდინა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მის წევრობაზე განაცხადის რატიფიკაცია, ფინეთის მეზობელი შვედეთი ამჟამად ფორმალობების საბოლოოდ მოგვარებითაა დაკავებული, რათა ალიანსის 32-ე წევრი გახდეს. დიდი ალბათობით ეს მიმდინარე თვეში მოხდება.
უნგრეთი ბოლო ქვეყანაა, რომელმაც შვედეთის ნატოში შესვლის სურვილი დაამტკიცა მარტის დამდეგს. შვედეთმა და ფინეთმა, რომლებმაც თავიანთ ნეიტრალიტეტს უარი უთხრეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოში შესვლის განაცხადი შეიტანეს 2022 წლის 18 მაისს.
მანამდე კიდევ ერთმა ქვეყანამ, თურქეთმა, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა ნატოში შვედეთის გაწევრიანებას, იანვრის ბოლოს დაამტკიცა სტოკჰოლმის განაცხადი ნატოში წევრობის შესახებ.