Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ჩრდილოეთ დაკოტაში რესპუბლიკური პარტიის კოკუსში


რესპუბლიკელთა გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, საბოლოოდ ტრამპი მოიპოვებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კანდიდატობას.
რესპუბლიკელთა გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, საბოლოოდ ტრამპი მოიპოვებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კანდიდატობას.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ჩრდილოეთ დაკოტის შტატში რესპუბლიკური პარტიის კოკუსში.

The New York Times-ის ცნობით, ტრამპმა მიიღო ხმების 84,6%, მისმა უახლოესმა კონკურენტმა ნიკი ჰეილიმ - 14,1%, ხოლო დანარჩენმა ორმა კანდიდატმა - პროცენტზე ნაკლები. ამ გამარჯვებით ტრამპი კიდევ 29 დელეგატის ხმას მიიღებს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციის ყრილობაზე, რომელიც ივლისში გაიმართება.

დღეს შეერთებულ შტატებში არის ე.წ. სუპერ სამშაბათი, როდესაც ერთდროულად 15 შტატში და ამერიკულ სამოაში გაიმართება დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზი. სუპერ სამშაბათის შემდეგ რესპუბლიკელები კანდიდატებს შორის გაანაწილებენ 865 დელეგატს. ტრამპს ახლა 273 დელეგატი ჰყავს, ჰეილის კი - 43. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებისთვის მინიმუმ 1215 დელეგატია საჭირო.

ჩრდილოეთ დაკოტაში გამარჯვება ტრამპისთვის მეცხრე იყო. ჰეილის ერთი გამარჯვება აქვს: აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართულ პრაიმერიში, რომელიც კვირას, 3 მარტს შედგა. რესპუბლიკელთა გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, საბოლოოდ ტრამპი მოიპოვებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის კანდიდატობას.

ასეთ შემთხვევაში, ტრამპი კონკურენციას გაუწევს დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატს, ჯო ბაიდენს, და რამდენიმე სხვა კონკურენტს. სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურის მიერ ამერიკელების გამოკითხვები არ იძლევა ცალსახა პროგნოზს: ზოგიერთის აზრით, ბაიდენი გაიმარჯვებს უმნიშვნელო უპირატესობით, ზოგის აზრით კი - ტრამპი. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში გაიმართება.

XS
SM
MD
LG