Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ-ერთი სოფლის სკოლაში გოგო მოსწავლეებს დირექტორი შარვლის ჩაცმის უფლებას არ აძლევდა


საქმე სახალხო დამცველმა შეისწავლა.
საქმე სახალხო დამცველმა შეისწავლა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის დირექტორს, არ წაახალისოს დისკრიმინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში და უთანასწოროდ არ მოექცეს გოგო მოსწავლეებს. სქესის ნიშნით შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სახალხო დამცველმა 2023 წლის 18 დეკემბერს სკოლის მოსწავლეების სახელით გაგზავნილი განცხადებით შეიტყო.

წლებია ახალსოფლის საჯარო სკოლაში გოგო მოსწავლეებს აკრძალული აქვთ შარვლის ტარება. ამინდის მიუხედავად, ისინი ვალდებული არიან ჩაიცვან ქვედაბოლო და თეთრი ზედატანი. სახალხო დამცველისთვის გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ დირექტორთან ამაზე საუბარი უშედეგო აღმოჩნდა, "პასუხად მიიღეს, რომ აღნიშნული საკითხი განხილვას არ ექვემდებარება".

სახალხო დამცველმა საკითხი შეისწავლა და დაადგინა, რომ ამ სკოლაში გოგოებს არჩევანის უფლება შეზღუდული აქვთ. მეტიც, მან მიიჩნია, რომ ასეთი წესები ჩაცმასთან დაკავშირებით ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, რაც ხშირად აისახება ქალთა უფლებებზეც.

"მოსწავლეების უფლებაა, ატარონ როგორც კაბა, ასევე შარვალი და აღნიშნული საკითხი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ სკოლის თვითნებურ გადაწყვეტილებაზე... ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა იცავდეს არადისკრიმინაციულობის პრინციპსა და შესაბამის კრიტერიუმებს და დაუშვებელია სკოლამ თვითნებურად განსაზღვროს განსხვავებული ჩაცმის წესები მოსწავლეებისათვის", - წერს სახალხო დამცველი სკოლის დირექტორს.

სკოლის დირექტორმა ომბუდსმენს აცნობა, რომ შეცვალა გადაწყვეტილება უნიფორმასთან დაკავშირებით, გაითვალისწინა სეზონურობა და ზამთარში მოსწავლეებს შარვლის ჩაცმის უფლება მისცა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც კი, გაუგებარია შარვლის ტარების სეზონურობით გამართლება.

სახალხო დამცველი სკოლის დირექტორს შეახსენებს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია დისკრიმინაცია სქესის ნიშნით. ომბუდსმენის მითითებაა, სკოლაში არსებული წესები ისე შეცვალოს, რომ არ დაირღვეს მოსწავლეთა შორის თანასწორობა.

XS
SM
MD
LG