Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იულია ნავალნაიამ და ოლენა ზელენსკაიამ უარი თქვეს თეთრი სახლის მიპატიჟებაზე


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 მარტს გამოვა ვაშინგტონში ტრადიციული ყოველწლიური მიმართვით.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს, 7 მარტს გამოვა ვაშინგტონში ტრადიციული ყოველწლიური მიმართვით.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ქვრივმა, იულიამ და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ, ოლენამ, უარი თქვეს თეთრი სახლის მიპატიჟებაზე, დაესწრონ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლას კონგრესის წინაშე. ამის შესახებ The Washington Post-ი და „უკრაინსკა პრავდა“ იტყობინებიან.

ბაიდენი ხუთშაბათს, 7 მარტს უნდა გამოვიდეს ვაშინგტონში ტრადიციული ყოველწლიური მიმართვით. ნავალნაია და ზელენსკაია, როგორც The Washington Post-ი წერს, აშშ-ის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის, სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ. იგეგმებოდა, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლო იქნებოდნენ.

გამოცემა ირწმუნება, რომ ნავალნაიას მიწვევამ უკრაინის მხარის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია იმის გამო, რომ მისი ქმრის მიმართ უკრაინის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. „უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განუცხადეს, რომ თეთრ სახლში გამოსვლა არ დაემთხვა ზელენსკაიას სამუშაო გრაფიკს.

როგორც The Washington Post-ი წერს, ზელენსკაიას უარის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კიევს არ სურს ვაშინგტონში ასოცირებულ იქნეს ბაიდენთან. უკრაინა აქტიურ ლობისტურ სამუშაოს ეწევა რესპუბლიკური პარტიის კანონმდებლებთან, რათა მათ მოიწონონ კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი, წერს გაზეთი. ეს ხდება ნოემბრისთვის დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე.

ვიზიტზე უარი თქვა ნავალნაიამაც. მისმა პრესმდივანმა კირა იარმიშმა ეს იმით ახსნა, რომ ნავალნაიას დასვენება ესაჭიროება ქმრის გარდაცვალებისა და ამასთან დაკავშირებული მოგზაურობების გამო.

XS
SM
MD
LG