პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ "არის რაღაც ნიშნები" მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესების თანხვედრისა, თუმცა ამატებს, რომ ეს შეიძლება იყოს "სიფრთხილე" ან "პირადი მენტალობის თანხვედრა". ამის შესახებ მან ისაუბრა 6 მარტს ორბელიანების სასახლეში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
"ვხედავ, რომ არის რაღაც ნიშნები, რომელიც შეიძლება იყოს სიფრთხილე, შეიძლება იყოს პირადი მენტალობის თანხვედრა, შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ ეს ჩემი საკითხი არა“, - თქვა მან და დაამატა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაუშვებენ პრორუსულ მთავრობას, თუკი ეს "გამოკვეთილი" იქნება.
"როგორც კი ეს გადააჭარბებს რაღაც ნიშნებს, რომელიც არის სიფრთხილის თუ ძალაუფლების შენარჩუნების ნაწილში, რაღაც ცდუნებები, ალბათ არსებობს... როგორც კი ეს ამას გასცდება და გაჩნდება პრორუსულობის ნიშნები, ის მთავრობა, ხელისუფლება, ძალა ვერასოდეს იარსებებს საქართველოში, იმიტომ რომ არსებობს მოსახლეობა და არსებობს უწყვეტი ნება საქართველოს მოსახლეობისა, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს რუსეთის წიაღში", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის სიტყვებით, "ვერავინ ვერ ბედავს" პრორუსულობას. მან ახსენა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ იგი დასავლელი პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, პრემიერ მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელში ჩავიდა.
"თუ შეამჩნიეთ, ჩვენი ახალი პრემიერი, რომელიც გამორჩეული იყო იმით, რომ არ ტოვებდა დასავლეთის წარმომადგენლებს, ისეთი სიტყვებით ამკობდა, ჩავიდა სად? - ბრიუსელში. ვის იღებს პირველ რიგში? - ევროკავშირის ელჩებს. დაავიწყდა, რომ პეკინში იყო მისი ბოლო მოგზაურობა, როგორც პარტიის თავმჯდომარის. ეს არის ის ნიშნები, რომელიც საინტერესოა. რეალურად, ყველა გრძნობს, მით უმეტეს არჩევნებისკენ მივდივართ, რომ არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას ამ ქვეყანაში", - თქვა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილი აკრიტიკებდა 2023 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას. 2023 წლის 10 მაისს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მან ხელისუფლებას მიმართა, რომ "მოუსმინოს "ხალხის ძალას" კი არა, ხალხის ხმას".
"ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად დგას ეს ქვეყანა, რომლის ტერიტორიები არის ოკუპირებული და არის სოლიდარული ჩვენი უკრაინელი მეგობრის. ეს არის ჩვენი პოზიცია და ამ პოზიციის ერთგული უნდა ვიყოთ ბოლომდე. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. მე დარწმუნებული ვარ, თუ სხვანაირად მოხდა, და დიდი იმედი მაქვს, რომ არ მოხდება, საზოგადოებასაც ექნება ამაზე თავისი პასუხი", - თქვა მაშინ სალომე ზურაბიშვილმა.