Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე რუსეთმა აშშ-ის 227 მოქალაქეს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე. საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე. საილუსტრაციო ფოტო

საპრეზიდენტო არჩევნების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ „ანტირუსულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა აშშ-ის 227 მოქალაქე და მათ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ამის შესახებ ხუთშაბათს, 14 მარტს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმად, შავ სიაში მყოფი ამერიკელები ჩართულნი არიან "რუსეთის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და გამართლებაში". გზავნილში ასევე ხაზგასმულია, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს "საპასუხო ზომას“ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ შეერთებული შტატების მხრიდან მუდმივად გაფართოებულ სანქციებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში შედიან აშშ-ის ადმინისტრაციის, ბიზნესწრეებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე აკადემიური სფეროსა და კვლევითი ცენტრების ათობით თანამშრომელი. მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მეთიუ მილერი, ვაჭრობის, თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები, ასევე „ვაშინგტონ პოსტისა“ და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტები.

მანამდე, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავზე, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციების შემოღების შესახებ გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ აშშ აწესებს „ახალი გამანადგურებელი სანქციების პაკეტს“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან და ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით.

უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის მეორე წლისთავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი დაამტკიცა. შეზღუდვები შეეხო 106 ადამიანს და 88 კომპანიას, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, ტაილანდიდან და შრი-ლანკიდან.

XS
SM
MD
LG