Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი შოიგუ ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა. სარდლობას ფლოტის დაცვის გაუმჯობესება მოსთხოვა


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა, სადაც შავი ზღვის ფლოტის სამეთაურო პუნქტში ფლოტის სარდლობისგან მოხსენებები მოისმინა და მოუწოდა, რომ გააძლიერონ უკრაინის თავდასხმებისგან სამხედრო ობიექტების დაცვა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამის არხით გავრცელებულ განცხადებაშია ხაზგასმული, შოიგუმ სამხედროებს ამოცანად დაუსახა "როგორც დღისით, ისე ღამით მუდმივი წვრთნის ჩატარება მტრის ტერორისტული თავდასხმების მოსაგერიებლად". ხაზი გაესვა ისეთი საშუალებების განვითარებას, რომლებითაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის დრონებისგან თავის დაცვას შეძლებს.

შოიგუს ამ ვიზიტის ფონია წლის დასაწყისში უკრაინის მიერ რუსეთის შავ ზღვის ფლოტის კიდევ რამდენიმე მცურავი საშუალების განადგურება და მწყობრიდან გამოყვანა.

  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ 5 მარტს ქერჩის სრუტესთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდ „სერგეი კოტოვის" (სამხედრო მეზღვაურთა ენაზე პროექტ 22160-ის) განადგურების შესახებ განაცხადა.
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ საზღვაო დრონებით (Magura V5) დარტყმით გაანადგურეს გემის კიჩო და მარჯვენა და მარცხენა ბორტები. სამხედრო დაზვერვამ სოციალური ქსელებით გაავრცელა ვიდეოც, რომელიც, მისი ინფორმაციით, ასახავს „სერგეი კოტოვის" განადგურების ოპერაციას.
  • მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ უკრაინული დრონებით, აქ უკვე ნახსენები Magura V5-ით, გაანადგურეს.
  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი თითქმის ყოველთვე კარგავს საბრძოლო ხომალდებსა და კატარღებს.
  • ამ ორი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად განადგურდა ან დაზიანდა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ათზე მეტი გემი.
  • უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მთლიანობაში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის 30% დაკარგა. რუსეთი თავისი ხომალდების დაკარგვის ფაქტების უმეტესობას რეაგირების გარეშე ტოვებს.

XS
SM
MD
LG