Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა მამაკაცმა პეტერბურგის რესტორანში ნაცნობი ჩაცხრილა


რუსეთის პოლიცია - საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის პოლიცია - საილუსტრაციო ფოტო

უკრაინის ომიდან დაბრუნებულმა ალექსეი ისაკოვმა 18 მარტს სანქტ-პეტერბურგის რესტორან „ჩაბრეთში“ თავისი მეგობარი გასროლით მოკლა. როგორც გამოცემა „ფონტანკა“ წერს, ისაკოვი "დარწმუნებული იყო", რომ ბიზნესპარტნიორს მისი შვიდი მილიონი რუბლი მართებდა, რაც მათ შორის დავის საგანი გახდა. დაზარალებულმა შეხვედრაზე მხოლოდ ამ თანხის ნაწილი მიიტანა.

პორტალ „ბუმაგის“ მიერ გამოქვეყნებულ ოპერატიულ ვიდეოზე მოჩანს ორ კაცი, რომლებიც მაგიდასთან სხედან და სადილობენ. უცებ ერთ-ერთი მათგანი იარაღს იღებს და მეორეს ესვრის. დაჭრილი ახერხებს წამოდგომას, მაგრამ მაგიდის გვერდით ეცემა, ამ დროს მეორე მასთან მიდის და კიდევ რამდენჯერმე ისვრის. ამის შემდეგ, მსროლელი ბრუნდება მაგიდასთან და ფეხზე მდგარი აგრძელებს ჭამას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი). რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ალექსეი ისაკოვი ნასამართლევია. 2021 წლის მაისში ქურდობის რამდენიმე ეპიზოდისთვის მას სამ-ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ისაკოვმა კოლონია დატოვა და საომრად უკრაინაში წავიდა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ციხეებიდან რეგულარულად ათავისუფლებენ მკვლელებს, მოძალადეებსა და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდადებულებს. მოკლულთა და დაზარალებულთა ოჯახის წევრები პროტესტს გამოთქვამენ, თუმცა უშედეგოდ.


რუსი ჟურნალისტების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიწყალა მინიმუმ 17 ადამიანი, რომლებიც ნასამართლევი იყვნენ მკვლელობისთვის. ყველა მათგანმა მიიღო მონაწილეობა უკრაინის ომში და ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ გათავისუფლდა. ნაწილმა უკვე მოასწრო ახალი დანაშაულის ჩადენა.

ასევე ვადამდე გაათავისუფლეს ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელსაც 2014 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში მონაწილეობისთვის. ხაჯიკურბანოვი, სხვა შეწყალებულ პატიმრებთან ერთად, მონაწილეობდა უკრაინის წინააღმდეგ ომში კერძო სამხედრო კომპანიის რიგებში. კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გათავისუფლდა და ახლა კი, როგორც კონტრაქტით დაქირავებული მონაწილეობს ომში.

XS
SM
MD
LG