Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუნდაძე აშშ-ის დახმარებაზე: პირველ რიგში, ამ დახმარებას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს


დიმიტრი ხუნდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ხალხის ძალა“
დიმიტრი ხუნდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ხალხის ძალა“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ხშირად სხვა ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსება „ქვეყნისა და ხელისუფლებების რყევისათვის გამოიყენება“. ამ კონტექსტში მან ახსენა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ, რომლისგანაც ქვეყანას ბოლო 30 წლის განმავლობაში ექვსი მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება აქვს მიღებული.

„მინდა რეალურად იცოდეთ, რომ აშშ, რა თქმა უნდა, ზოგჯერ რეალურად ქმედით და სარგებლიან დახმარებას წევს, მაგრამ არ არის ის საქველმოქმედო ორგანიზაცია და ყველა სახელმწიფო, მათ შორის ისიც, ამ დახმარებას, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების მოსაგებად იყენებს“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

აშშ-დან მიღებული დაფინანსების კონტექსტში ახსენა მან რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში საქართველოს ჩართვის საკითხიც.

„თუ [აშშ-დან მიღებულ] ამ დაფინანსებას საქართველოში გვახსენებენ იმიტომ, რომ 2008 წლის შემდეგ მეორედ, უკრაინის ომში არ ჩავერთეთ, მაშინ უკაცრავად... ეს ვერ იქნება საზღაური იმ ზიანისა, რაც შეიძლება საქართველოს მისდგომოდა...

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ძალიან ხშირად ქვეყანაში გარე დაფინანსებები სწორედ ქვეყნისა და ხელისუფლებების რყევისათვის გამოიყენება, როგორც ახლა დეზინფორმაციაა“, - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.

სხდომის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა მას სიტყვის დასასრულებლად დრო რამდენჯერმე დაუმატა.

„მედიის განვითარების ფონდში“, რომელიც ბოლო წლებია აკვირდება პოლიტიკოსების ანტიდასავლურ რიტორიკას მედიაში, აცხადებენ, რომ დასავლური დაფინანსების მიზნობრიობის ეჭვქვეშ დაყენება ანტიდასავლური რიტორიკის შემადგენელი ერთ-ერთი ნაწილია. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ასეთი ათეულობით განცხადება გაკეთდა 2022 წელს.

მკვიდრდებოდა აზრი, რომ ამერიკისა და დასავლეთის დახმარება მათსავე ინტერესებსა და აგენტურის დაფინანსებას ხმარდება“, - წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მსგავსი განცხადებები ხელს უწყობს მოსახლეობაში არასწორი აღქმების გაჩენას.

„აბსოლუტური გადღაბნა ხდება, ვინ არის შენი მეგობარი და ვინ არის მტერი. ეს, პირველ რიგში, ხელს აძლევს რუსეთს“, - ამბობს „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი.

​ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ 2022 წლის კვლევაში წერია, რომ საქართველოში გავრცელებული ანტიდასავლური გზავნილები ძირითადად ხუთ თემატიკას ეფუძნება. მათ შორის ერთ-ერთია უცხოური დახმარება და ეკონომიკა.

XS
SM
MD
LG