Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება ღაზის სექტორში ზავის მიღწევის მიზნით


ტურნეს დროს ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ლიდერებს შეხვდება.
ტურნეს დროს ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ლიდერებს შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 20 მარტს ახლო აღმოსავლეთში ახალ ტურნეს იწყებს, რათა ხელი შეუწყოს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას და დაჯგუფება ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებას.

ტურნეს დროს ბლინკენი ქალაქ ჯიდაში და კაიროში ჩავა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხზე საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ლიდერებს შეხვდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, ენტონი ბლინკენი ასევე განიხილავს ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით ღაზისთვის უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხებს.

ჰუმანიტარული კრიზისი დაჯგუფება ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორში დასავლეთის სახელმწიფოების მზარდ შეშფოთებას იწვევს.

ამ თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამხედროები ღაზის სექტორის სანაპიროზე ააშენებენ დროებით პორტს, რომლის მეშვეობითაც პალესტინელებს ზღვით ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემათ. ვარაუდობენ, რომ პორტს ექნება დროებითი ნავმისადგომი, რაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ყოველდღიურად ასობით დამატებითი სატვირთო მანქანით გაზრდის. მისია კოორდინირებული იქნება ისრაელთან, გაეროსთან და ჰუმანიტარულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე ჰამასის შეჭრის პასუხად, რასაც 1200 ადამიანის დაღუპვა და 240 ადამიანის გატაცება მოჰყვა, ისრაელმა შეტევითი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორს ალყა შემოარტყა, რის გამოც ასიათასობით ადამიანი იძულებული იყო დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. თვეების განმავალობაში მიმდინარე დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გასცდა სამ ათეულ ათასს, რეგიონი განიცდის კვების და სხვა პროდუქტების სრულ დეფიციტს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, რომელსაც ჰამასი მართავს, ღაზაში ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 32 000 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად - ქალები და ბავშვები.

ისრაელი ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული - რ.თ.) წინააღმდეგ ომში ყველა თავისი მიზნის მიღწევის ერთგულია - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს.

სატელეფონო საუბარი მათ შორის შედგა 18 მარტს, ისრაელზე საერთაშორისო ზეწოლის ფონზე, შეამსუბუქოს თავისი ოპერაციები ღაზაში.

XS
SM
MD
LG