Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა და კიევმა განაცხადეს, რომ ორმხრივ საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში


რუსეთში, ბელგოროდზე თავდასხმის შემდეგ. ფოტოს ავტორია გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.
რუსეთში, ბელგოროდზე თავდასხმის შემდეგ. ფოტოს ავტორია გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი.

ბოლო 10 დღის განმავლობაში, რუსეთის რეგიონები ბელგოროდი და კურსკი, რომლებიც უშუალოდ უკრაინის საზღვრის პირას მდებარეობენ, ინტენსიური თავდასხმების სამიზნე გახდა.

კიევმა იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი მოწყობილობებითა და რაკეტებით, ხოლო პროუკრაინულმა შეიარაღებული რაზმებმა იერიში სცადეს რუსეთის ტერიტორიაზე. ახალი თავდასხმების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბელგოროდში 20 მარტს, განაცხადა გუბერნატორმა.

რუსული სარაკეტო შეტევის შედეგად უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება რეგიონული პროკურატურა.

ოლეჰ სინეგუბოვმა, ხარკოვის გუბერნატორმა, ადრე განაცხადა, რომ კიდევ შვიდი ადამიანი დაიჭრა, ხოლო პოლიციის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

"ქალაქს დაარტყა X-59 ტიპის რაკეტამ. მიმდინარეობს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები", - განაცხადა ხარკოვის რეგიონულმა პროკურატურამ.

ხარკოვი, უკრაინის მეორე უდიდესი ქალაქი, რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ბოლო თვეების განმავლობაში მასზე თავდასხმების რაოდენობა გაიზარდა.

ხარკოვის პოლიციის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა სერჰი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ რვასართულიან შენობასა და ქარხანას ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე დაარტყეს.

"სამწუხაროდ, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს", - დასძინა მან. უკრაინის საგანგებო ვითარებათა სამსახურმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე სულ მცირე ხუთი სახანძრო მანქანა მუშაობს, ხოლო შენობის ბოლო სართულს ცეცხლი უკიდია.

გუბერნატორის ცნობით, საზღვრის უშუალოდ მოპირდაპირე მხარეს, რუსეთის ბელგოროდის ოლქში, 20 მარტს მრავალრიცხოვანი თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.

"ადრე დილიდან, გრაივორონის რაიონში მასიური თავდასხმები განხორციელდა, მათ შორის, მრავალჯერადი ცეცხლის სისტემების გამოყენებით", - დაწერა გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა Telegram-ში. ორი ადამიანი დაიღუპა რეგიონის დედაქალაქში, რომელსაც ასევე ბელგოროდი ეწოდება. დაბომბვისას ნამსხვრევები მოხვდა მანქანას, რასაც მასში მყოფი პირი ემსხვერპლა, თქვა გლადკოვმა. ზოგიერთი სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც მან ბრძანება გასცა 9000 ბავშვის ევაკუაციის შესახებ უკრაინის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე რაიონებიდან.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, 2022 წლის თებერვლიდან, რეგიონში ხშირი იყო დაბომბვები და დრონებით თავდასხმები, მაგრამ თავდასხმები კიდევ უფრო გახშირდა ამ თვის დასაწყისში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

რუსეთის მხრიდან დაბომბვების შედეგად ოთხშაბათს ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ხერსონის გარეთ, განაცხადა გუბერნატორმა.

XS
SM
MD
LG