Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანელ ჟურნალისტს რუსეთი დაატოვებინეს ჯარისკაცთა ცოლების აქციების გაშუქებისთვის


El Mundo-ს კორესპონდენტს სახლში აკითხავდა პოლიცია და აფრთხილებდა, რომ შეეწყვიტა წერა სამხედროთა ცოლებზე, რომლებიც თავიანთი ქმრების შინ დაბრუნებას მოითხოვენ. ფოტოზე: ჯარისკაცთა ცოლების აქცია რუსეთში.
El Mundo-ს კორესპონდენტს სახლში აკითხავდა პოლიცია და აფრთხილებდა, რომ შეეწყვიტა წერა სამხედროთა ცოლებზე, რომლებიც თავიანთი ქმრების შინ დაბრუნებას მოითხოვენ. ფოტოზე: ჯარისკაცთა ცოლების აქცია რუსეთში.

რუსეთის ხელისუფლებამ ვიზა არ გაუგრძელა ესპანური გაზეთის, El Mundo-ს კორესპონდენტს, ხავიერ კოლასს და მას ერთი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

El Mundo-ს თანახმად, კოლასს პრობლემებით დაემუქრნენ, თუკი ის რუსეთს არ დატოვებდა ვიზის ვადის გასვლამდე. რეპორტიორმა დატოვა ქვეყანა.

„ძნელია, საკუთარი ცხოვრების თორმეტი წელი ერთ ღამეში ჩატენო სამ ჩემოდანში და კარი გაიხურო, თან იცოდე, რომ ხვალიდან ეს ბინა შენთვის აკრძალულ ზონად იქცევა. ჩვენ, კორესპონდენტები, იქ ვართ, სადაც ყოფნის უფლებას გვაძლევენ, მაგრამ არავის ვაძლევთ იმის უფლებას, მიგვითითონ, რა ვთქვათ და რა - არა“, - განაცხადა კოლასმა.

El Mundo აღნიშნავს, რომ ახლა რუსეთში უცხოელი ჟურნალისტების საქმიანობა ჩვეულებრივზე უფრო მეტად არის გართულებული. მაგალითად, კოლასს სახლში აკითხავდა პოლიცია და აფრთხილებდა, რომ შეეწყვიტა წერა სამხედროთა ცოლებზე, რომლებიც თავიანთი ქმრების შინ დაბრუნებას მოითხოვენ. გაზეთი ამ საპროტესტო გამოსვლებს უწოდებს „ომით უკმაყოფილების ხილული ნიშნებიდან ერთ-ერთ მცირეთაგანს“.

ჟურნალისტური ვიზის გაგრძელებაზე უარი ჩვეულებრივი მეთოდია ავტორიტარული რეჟიმებისა, რაც გამოიყენება სიტყვის თავისუფლებისთვის ძირის გამოსათხრელად და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საერთაშორისო გახმაურების წინააღმდეგ საბრძოლველად, წერს El Mundo.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში საგრძნობლად გაიზარდა ცენზურა და ჟურნალისტებზე ზეწოლა. მრავალი მედიასაშუალება იძულებული გახდა, თავისი ოფისი უცხოეთში გადაეტანა, სხვებმა მუშაობა შეაჩერეს ან ომის გაშუქებაზე უარი თქვეს. მედიასაშუალებების თანამშრომლებმა მასობრივად დატოვეს რუსეთი, რათა გაეგრძელებინათ ომის გაშუქება და არ გამხდარიყვნენ სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები.

2023 წლის მარტში ეკატერინბურგში დააკავეს Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი. ფსბ-ს მტკიცებით, ჟურნალისტი აშშ-ის დავალებით აგროვებდა ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ, რაც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა. გერშკოვიჩი ბრალდებას უარყოფს. ჟურნალისტი დღემდე მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია ჯაშუშობის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG