Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

27-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა მოითხოვა ბელარუსში პოლიტპატიმრების განთავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი. მინსკი, 2 ნოემბერი, 2011.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი. მინსკი, 2 ნოემბერი, 2011.

27-მა ნობელის პრემიის ლაურეატმა მოაწერა ხელი ღია წერილს, რომელშიც ისინი გამოვიდნენ მოწოდებით, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები ბელარუსში, მათ შორის 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი. ტექსტი გამოქვეყნდა ბელარუსელი პოლიტოლოგის, ძიმიტრი ბალკუნეცის ვებსაიტზე.

ღია წერილში ლაპარაკია ათასობით ბელარუსელზე, რომლებსაც აწამებდნენ ლუკაშენკოს რეჟიმის დროს, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში 50 ათას რეპრესირებულზე, ათიათასობით ადამიანზე, ვინც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. „უკანასკნელ ათწლეულებში ევროპაში არ ყოფილა ერთ სულ მოსახლეზე ისეთი მასშტაბის ჰუმანიტარული კატასტროფა, როგორიც იყო ბელარუსში,“ ნათქვამია ტექსტში.

ნობელის პრემიის ლაურეატები ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებენ, მიიღონ დაუყოვნებელი ზომები, რათა შეაჩერონ რეპრესიები ბელარუსში და ზეწოლა განახორციელონ მინსკზე. ერთ-ერთ ზომად ნობელის პრემიის ლაურეატები ასახელებენ რკინიგზის ხაზის გადაკეტვას ბელარუსიდან პოლონეთში, მათ შორის საქონლისთვის რუსეთიდან და ჩინეთიდან.

21 მარტის მონაცემებით, ბელარუსში პატიმრობაში იმყოფება 1411 ადამიანი, რომელთაც უფლებადამცველი თანამეგობრობა პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. მაგრამ იმ ადამიანების რეალური რიცხვი, რომლებიც განიცდიან პოლიტიკურ რეპრესიებს, მათ შორის ციხეში პატიმრობას, ბევრად მეტია, აღნიშნავს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.

XS
SM
MD
LG