სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით არის განსაზღვრული. საბჭოს ვალდებულებაა, თბილისისა და აჭარის მაუწყებლებს განუსაზღვროს პროგრამული პრიორიტეტები, დაუმტკიცოს ბიუჯეტი. ასევე დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორი, თუმცა ვერ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას.
18 აპრილს მეურვეებიდან საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურებათ: „ქართული ოცნების“ (მიხეილ ჩიკვილაძე), აჭარის უმაღლესი საბჭოსა (ბესიკ ლილუაშვილი) და სახალხო დამცველის (იზაბელა ოსიპოვა) შერჩეულ კანდიდატებს. კომისია მათი შემცვლელების შერჩევის პროცესში ერთვება - გაესაუბრება კანდიდატებს, დაადგენს მათ კომპეტენციას და შემდეგ ქულებით შეაფასებს.
ცხრაკაციან კომისიაში ოთხი წევრი ტელე-რადიო კომპანია „იმედის“ თანამშრომელია, თუმცა პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილების პროექტში სამუშაო ადგილად "იმედი" მხოლოდ ერთ მათგანს - დავით მაღლაფერიძეს უწერია. ამავე მედიასაშუალების კიდევ ერთი თანამშრომლის, ოთარ ტატიშვილის ძმა ახლა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორია.
- დავით მაღლაფერიძე - რადიო „იმედის“ პროგრამების დირექტორი;
- მაკო ჯაოშვილი - მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის, „ალტერბრიჯის“ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი;
- გოდერძი შარაშია - ჟურნალისტი, ტელეწამყვანი („იმედი“);
- ნინო მეუნარგია - ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის, „ჩვენ აქ ვართ“ წამყვანი და ავტორი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დამცველი („იმედი“);
- ოთარ ტატიშვილი - კინომსახიობი, რადიო და ტელეწამყვანი, ექიმი, პროფესორი („იმედი“);
- ნინო კაკულია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალ „თბილისის“ რედაქტორი, ჟურნალისტი;
- გედევან ჯინჭარაძე - ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ფოლკლორისტი;
- მარიამ გვიდიანი - ა/ო „ქალების ხმა - დემოკრატია და უსაფრთხოება“ - აღმასრულებელი დირექტორი;
- გივი აბესაძე - ფოლკლორული ანსამბლის, „დიდგორის“, სოლისტი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის შესარჩევი კომისიის წევრებზე საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები და სახალხო დამცველი უნდა შეთანხმდნენ. როგორც დღევანდელ, 22 მარტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, კანდიდატი არ წარადგინა.
სამეურვეო საბჭოს სულ 11 წევრი ჰყავს, თითოეული მათგანი ექვსი წლის ვადით აირჩევა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მიხედვით, კომისიის შერჩეული კანდიდატებიდან სამს საპარლამენტო უმრავლესობის, სამს საპარლამენტო ოპოზიციის, სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (რომლის უმრავლესობაშიც „ქართული ოცნებაა“), დანარჩენ ორს კი სახალხო დამცველის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს.