Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი სროლის შედეგად


თვითმხილველების თქმით, ავტომატური იარაღიდან სროლა ატეხა კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სამმა პირმა იმ დროს, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.
თვითმხილველების თქმით, ავტომატური იარაღიდან სროლა ატეხა კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სამმა პირმა იმ დროს, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო.

ვრცელდება დაუზუსტებელი ცნობები მოსკოვის მახლობლად, კრასნოგორსკში მდებარე „კროკუს სიტი ჰოლის“ დარბაზში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ათობით დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ.

არხი 112, რომელიც ოპერატიულ ქრონიკებზე მუშაობს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ სროლის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 40 ადამიანი და 100-ზე მეტი დაიჭრა.

რუსეთის ტელეარხ "როსია 24"-ის ცნობით, დაღუპულია 45 ადამიანი.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, თავისი ტელეგრამის არხით უკვე მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

თვითმხილველების თქმით ავტომატური იარაღიდან სროლა ატეხა კამუფლირებულ ფორმაში მყოფმა სამმა პირმა იმ დროს, როდესაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტი უნდა დაწყებულიყო. შემდეგ ისროლეს ხელყუმბარებიც.

შემთხვევის ადგილზე გადაისროლეს პოლიციის სწრაფი რეაგირების ძალები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, მიმდინარეობს ადამიანების ევაკუაცია საკონცერტო დარბაზის შენობიდან, რომლის თავზეც ცეცხლის კვამლი მოჩანს.

ხანძარი „კროკუს სიტი ჰოლში“
ხანძარი „კროკუს სიტი ჰოლში“

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარებიც გამოიყენეს. იუწყებიან რამდენიმე აფეთქების შესახებ, რის შედეგადაც გაჩნდა ძლიერი ხანძარი და „კროკუს სიტი ჰოლის" სახურავის დიდი ნაწილი ჩაინგრა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ათეული სახანძრო მანქანა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმები. შენობა მთლიანად ალყაშია მოქცეული. მიმდინარეობს დაჭრილებისა და შენობაში მყოფი რამდენიმე ასეული ადამიანის ევაკუაცია.

თავდამსხმელების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "კროკუს სისტი ჰოლზე" მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას უწოდა "სისხლიანი თავდასხმა".

XS
SM
MD
LG