Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით მალტეზე თეატრის მაგიურ სამყაროში - საბერძნეთში


შინ უცხოეთში: დავით მალტეზე - ფოტოილუსტრაცია
შინ უცხოეთში: დავით მალტეზე - ფოტოილუსტრაცია

საბერძნეთის ბევრ თეატრში არაერთი როლი უთამაშია დავით მალტეზეს (მაღალთაძე). თეატრის მსახიობი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკის ავტორი, მომღერალი, საბერძნეთში ეპიდავროსის თეატრის სცენაზე დგას, ამჟამად მუშაობს ესქილეს, ბევრი მკვლევრის მიერ მთავარ ნაწარმოებად მიჩნეულ, „ორესტეაზე“.

ამ სცენაზე ისეთ ხალხს დაუდგამს ფეხი, პლატონიც დადიოდა და თამაშობდნენ ისინი, ვინც ეს თეატრი შექმნა და ახლა მე ვთამაშობ, ეს შედარება ყოველთვის ჟრუანტელს მგვრისო, - ამბობს მალტეზე ამ პოდკასტში. ეპიდავროსში თამაში მსახიობებს გვამდიდრებსო, ამიტომ უხარია დავით მალტეზეს ეპიდავროსში თამაში.

საბერძნეთი თეატრის აკვანია, რასაც უყურებდა ანტიკური პერიოდის მოქალაქე, სანახაობას, იგი უნდა განეწმინდა, კათარსისი განეცდევინებინა და თეატრს ეს ამოცანა დღესაც აქვს, უამბობს პოდკასტის ავტორს, ოქროპირ რუხაძეს დავით მალტეზე.

შინ უცხოეთში: დავით მალტეზე (მაღალთაძე)
please wait

No media source currently available

0:00 0:39:22 0:00
გადმოწერა

წარმოდგენა საბერძნეთში, როგორც დავით მალტეზე ჰყვება, ზაფხულის პერიოდში გარეთ, ღია ამფითეატრებში თამაშდება. თამაშდება ანტიკური ძველი დრამები, ხელოვნების უმაღლესი ფორმა, ესქილეს, სოფოკლეს თუ ევრიპიდეს ტრაგედიები, ზამთარში კი დახურულ სცენაზე უკვე არაანტიკური პიესები, ჩეხოვი თუ ბიუხნერი, ალბათ შილერი და ბეკეტიც.

დავით მალტეზემ, სხვათა შორის, ესქილეს „მიჯაჭვულ პრომეთეში“ ჰეფესტოს როლი ითამაშა. "პრომეთე" აღიარეს და ორი წელი იდგმებოდა.

საბერძნეთში სტუმრობისას, თითქმის ხუთი წლის წინ, როცა ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად მოკლე ფილმი გადავიღეთ დავით მალტეზეზე, ის ესქილეს „სპარსელებში“ იყო დაკავებული. მაშინ ქალაქ არგოსის თეატრში მოვახერხეთ ბაასი, სამწუხაროდ, უამინდობის გამო წარმოდგენა არ გაიმართა.

დავით მალტეზეს რეჟისორები ბოლო წლებში თვითონ უხმობენ და სთავაზობენ როლებს. საბერძნეთის ეროვნული თეატრის დიდ რეჟისორ თეოდოროს ტერზოპულოსზე ვსაუბრობთ პოდკასტში, ადამიანზე, რომელიც, სხვათა შორის, ბერლინში ეუფლებოდა სათეატრო რეჟისურის ხელოვნებას ასევე დიდი დრამატურგის, ჰაინერ მიულერის ხელმძღვანელობით.

ბერძენ, ანტიკური ტრაგედიების სამშობლოში თეატრის მაყურებლის ბუნებაზე ვილაპარაკეთ. ბერძენი ამაყია ამ „თავისი“ თეატრით და ზოგიერი თვლის, რომ ეს ამ ერის საკუთრებაა, ღიზიანდებიან თურმე ხანდახან, როცა უცხოელები ცდილობენ სოფოკლე და ესქილე წარმოადგინონ.

დავით მალტეზემ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა გეორგ ბიუხნერის, სავას სტრუბოსის მიერ დადგმულ, უცნობილეს დრამა „ვოიცეკში“, რომლის მუსიკალური გახმოვანების ავტორიც გახდა და საგანგებოდ ახალი მალტეზესეული ინსტრუმენტიც შექმნა.

სავას სტრუბოსი, რომელმაც დადგა "ვოიცეკი", ახლა მუშაობს ჩეხოვის „თოლიაზე“, რომელიც მალტეზემ თარგმნა ბერძნულად. თეატრის მსახიობი, მუსიკოსი, ამავე დროს მთარგმნელიც არის და ბევრი დრამა თუ ლიტერატურული ნაწარმოები თარგმნა ბერძნულად. „თოლიაში“ ვერ ითამაშებს, რადგან დაკავებულია ბერტოლდ ბრეხტის “არტურო უის წინააღმდეგობრივ აღმასვლაში“.

დავით მალტეზე იხსენებს ქართველ მაყურებელთან შეხვედრას თბილისში. ხსენებული ბერძენი რეჟისორის, თეოდოროს ტერზოპულოსის მიერ თბილისში წარმოდგენილი დრამა ელისაბედ ტიუდორისა და მარია სტიუარტის წარმოსახვით შეხვედრას ასახავდა.

ქართული დრამის გადაბერძნულება თუ უცდია დავით მალტეზეს? ახლა მუშაობს პროექტზე, რომლისთვისაც, როგორც ანტიკურ ხანაში, ახლაც საჭიროა სპონსორები. გურამ დოჩანაშვილის ცნობილ ნაწარმოებს „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ბერძნულად ითამაშებენ ბერძენი მსახიობები და მას ქართველი რეჟისორი, დავით მალტეზე დადგამს.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG