Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს რუსეთის რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები, ბოლო მოუღოს ომს და "საკუთარი საშინაო პრობლემების მოგვარებას მიხედოს".
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინაზე თავდასხმები, ბოლო მოუღოს ომს და "საკუთარი საშინაო პრობლემების მოგვარებას მიხედოს".

ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს რუსეთის რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ 23 მარტს ღამით რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 39 წამის განმავლობაში დაყო მისი ტერიტორიის თავზე.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობასა და ტერიტორიებზე, ბოლო მოუღოს ომს და საკუთარი საშინაო პრობლემების მოგვარებას მიხედოს“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო-პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ქალაქ ოსერდოვთან, უკრაინის საზღვრის მახლობლად. ინციდენტის გამო ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი. პოლონეთის თქმით, რუსეთის რაკეტა მის ტერიტორიაზე ორი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა ხელმძღვანელობამ რუსეთის ჯარების მოქმედება შეაფასა როგორც ინტენსიური. თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.

რუსეთის მხარეს ინციდენტზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული ჭურვის მოხვედრაზე იუწყებოდნენ გასული წლის ბოლოსაც. 29 დეკემბერს ვარშავამ განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის თავზე გაიფრინა რუსეთის ფრთოსანმა რაკეტამ, რომელიც უკრაინაზე ახორციელებდა დარტყმას.

XS
SM
MD
LG