Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვმა დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს


რუსეთი "ტერორიზმში" ადანაშაულებს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს.
რუსეთი "ტერორიზმში" ადანაშაულებს უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ბასმანის სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა და ტერორიზმის საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს, ვასილი მალიუკს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" სასამართლო დარბაზიდან იუწყება. მანამდე ტელეგრამის არხმა Baza-მ დაწერა, რომ გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით ითხოვდა უკრაინელი მაღალჩინოსნის დაპატიმრებას.

მალიუკს ბრალი დაუსწრებლად ედება ტერორისტული აქტის მუხლით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-3 ნაწილი). "წინასწარი მონაცემებით, საუბარია 2022 წელს ყირიმის ხიდზე დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების ორგანიზებაზე", - წერს გაზეთი "კომერსანტი".

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. ოთხი დღის შემდეგ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გამოაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ „ორგანიზებული ტერაქტის" გამოძიების ფარგლებში დააკავა რუსეთის 5 და უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე და დაადგინა თანამონაწილეები, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა. რუსეთის უშიშროების სამსახურის მაშინდელ ოფიციალურ ინფორმაციაში ალექსანდრე ინასარიძე მოხსენიებული იყო სანდრო ინოსარიძედ, მეორე პირი კი - ბროკერად, რომლის სახელი ლევანია.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა მაშინ განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს არანაირი კავშირი არა აქვს.

მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ინასარიძეს დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ზომა - პატიმრობა. ამის შესახებ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 26 მარტს, წერს კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“.

XS
SM
MD
LG