Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ომის მოწინააღმდეგე ბლოგერს


ნიკოლაი ფარაფონოვმა ინტერნეტში დაწერა სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების შემთხვევების შესახებ.
ნიკოლაი ფარაფონოვმა ინტერნეტში დაწერა სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების შემთხვევების შესახებ.

სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ომის მოწინააღმდეგე ბლოგერს კომის რესპუბლიკიდან, ნიკოლაი ფარაფონოვს. ის ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებში ცნეს დამნაშავედ. ფარაფონოვმა ინტერნეტში დაწერა სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების შემთხვევების შესახებ. გარდა ამისა, გათავისუფლების შემდეგ მას სამი წლის განმავლობაში ექნება აკრძალული საინტერნეტო რესურსების ადმინისტრირება.

ფარაფონოვი შარშან შემოდგომაზე დააპატიმრეს. მანამდე ის უძღვებოდა ტელეგრამის არხს, რომელსაც 500-ზე ნაკლები გამომწერი ჰყავდა. ფარაფონოვს ომის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა. სამხედრო კომისარიატებისთვის ცეცხლის წაკიდების შესახებ ცნობებს თან ახლდა რეპლიკები: „სანაქებო ინციდენტი“ და „დაწვი სამხედრო კომისარიატი - გადაარჩინე ვაჟიშვილი“.

სასამართლოზე ფარაფონოვმა აღიარა პუბლიკაციის ფაქტი, მაგრამ ტერორიზმისკენ მოწოდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.

უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ აზრით, ფარაფონოვის შეტყობინებები არ შეიცავს ტერორიზმის გამართლებას და ტერაქტებისკენ მოწოდებებს, ვინაიდან სამხედრო კომისარიატისთვის ცეცხლის წაკიდება მოცემულ შემთხვევაში იქნებოდა ახლობლების გადარჩენის საშუალება და არა მოსახლეობის დაშინების აქტი, ანუ ტერორისტული აქტი.

„მემორიალმა“ ფარაფონოვი პოლიტპატიმრად აღიარა.

ადრე ფარაფონოვი უკვე დააჯარიმეს არმიის ე.წ. დისკრედიტაციისთვის. მიზეზი გახდა მისი კომენტარი ახალ ამბავზე, რომ ბავშვთა დაცვის დღეს როსგვარდიის თანამშრომლები ბავშვთა საავადმყოფოში მივიდნენ და იქ სიმღერები იმღერეს. ის დაინტერესდა, მოუყვნენ თუ არა როსგვარდიელები ბავშვებს იმის შესახებ, როგორც იტანჯებიან და იღუპებიან უკრაინაში ბავშვები, რომლებსაც რუსეთის სამხედროებმა „ხიშტებით მოუტანეს რუსული სამყარო“.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში სამხედრო კომისარიატებისა და ადმინისტრაციული შენობებისთვის ცეცხლის წაკიდების ასზე მეტი მცდელობა იყო. ამის შედეგად არავინ დაშავებულა. თავდაპირველად ასეთი საქმეები სახელმწიფო ქონების განგებ დაზიანებად კვალიფიცირდებოდა, მოგვიანებით კი დაიწყეს მათი ტერაქტებად კვალიფიცირება.

XS
SM
MD
LG