Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგოროდში აფეთქების შედეგად დაზიანდა შსს ბელგოროდის ოლქის სამმართველოს შენობა


როგორც იტყობინებიან, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. ფოტოზე: ბელგოროდის ადმინისტრაციული შენობა 2024 წლის 12 მარტის დაბომბვის შემდეგ.
როგორც იტყობინებიან, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. ფოტოზე: ბელგოროდის ადმინისტრაციული შენობა 2024 წლის 12 მარტის დაბომბვის შემდეგ.

ოთხშაბათს ბელგოროდში მოხდა აფეთქება, რომლის შედეგადაც დაზიანდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბელგოროდის ოლქის სამმართველოს შენობა. ამის შესახებ იტყობინებიან Sota, „ბაზა“ და ადგილობრივი ტელეგრამის არხები.

მათი ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც შენობას უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა დრონის იერიში, მაგრამ არ უთქვამს, კონკრეტულად რომელ შენობაზეა ლაპარაკი. მისი სიტყვებით, ერთი ქალი დაშავდა.

უკრაინის სამხედროებს სავარაუდო დარტყმაზე ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ კომენტარი. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბელგოროდს პრაქტიკულად ყოველდღე უშენენ ცეცხლს, რუსეთის სამხედროთა მტკიცებით, როგორც წესი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტებით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წუხელ ღამით ჩამოაგდეს ბელგოროდის მიმართულებით გაშვებული 18 რაკეტა, რომლებიც უკრაინის არმიამ გაუშვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სარაკეტო დანადგარი „ვამპირიდან“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზე სავარაუდო დარტყმა პრაქტიკულად დროში დაემთხვა ცნობებს რუსეთის ჯარების ავიადარტყმების შესახებ ხარკოვზე, რომელიც ბელგოროდიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს. ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ კვარტლებზე, არიან დაღუპულები და დაჭრილები. დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

XS
SM
MD
LG