Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

16 წელი მიუსაჯეს ზღვაში დაღუპული მოზარდის საქმეზე დაკავებულს


ბათუმი, შავი ზღვა - საილუსტრაციო ფოტო
ბათუმი, შავი ზღვა - საილუსტრაციო ფოტო

პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმში, ზღვაში, არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირს საქალაქო სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც საგამოძიებო უწყება წერს, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს ბათუმის სანაპიროზე ბრალდებულმა და მასთან ერთად მყოფმა ორმა პირმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ ე.წ. „ბანანზე“ გართობის მიზნით, 4 მოზარდი სამაშველო ჟილეტების გარეშე აიყვანეს.

"კატარღის საჭესთან მყოფმა ბრალდებულმა, მკვეთრი მანევრით, ნაპირიდან მოშორებით “ბანანი“ ამოატრიალა, რის შედეგადაც უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩაცვივდნენ. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. ამასთან, ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა. სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო, რომლის ცხედარი 2023 წლის 7 ივლისს აღმოაჩინეს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა.

პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ ამავე საქმეზე კატარღაზე მყოფ ორ პირს ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით [განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა], რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულების მიმართ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

XS
SM
MD
LG