Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განახლებული მონაცემებით, „კროკუსზე" თავდასხმის შედეგად 143 ადამიანი დაიღუპა


მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს მოხდა.
მოსკოვის მახლობლად მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს მოხდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ განაახლა საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. 27 მარტს, ღამით, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტერაქტს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანამდე დადასტურებული იყო 140-ის სიკვდილი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანახმად, დაღუპულთა სია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების მიხედვით იცვლება.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.

კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ტერაქტში ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

XS
SM
MD
LG