Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კროკუსში“ მომხდარ ტერაქტში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილებმა გაასაჩივრეს დაპატიმრება


მამა-შვილები ამინჩონ, დილოვა და ისროილ ისლომოვები
მამა-შვილები ამინჩონ, დილოვა და ისროილ ისლომოვები

ამინჩონ ისლომოვმა და მამამისმა ისროილ ისლომოვმა, რომლებსაც გამოძიება „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმაში თანამონაწილეებად მიიჩნევს, თავიანთი დაპატიმრების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. საერთო ჯამში, ტერაქტის საქმეზე რვა ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოთხი ეჭვმიტანილი უშუალოდ "კროკუსზე" თავდასხმაში თანამონაწილეობისთვის. ისლომოვებმა პირველებმა გაასაჩივრეს დაპატიმრება. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განიხილება მათი საჩივარი.

თანამონაწილეობის ბრალდებით ასევე დააკავეს ამინჩონ ისლომოვის ძმა დილოვარი. სამივე რუსეთის მოქალაქეა. დილოვარ ისლომოვი იყო მფლობელი Renault-ის მანქანისა, რომელიც მან ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე მიჰყიდა თავდასხმის ერთ-ერთ სავარაუდო შემსრულებელს. ამავე დროს, მანქანის დოკუმენტები ხელახლა არ გადაფორმებულა

სამივე ისლომოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ არაფერი იცოდნენ. გამოძიება კი საპირისპიროს ამტკიცებს. მისი ვერსიით, მამა და ორი ძმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ და დახმარებას უწევდნენ სხვა წევრებს, ამინჩონ ისლომოვი კი, სავარაუდოდ, ტერაქტის მომზადებაში იყო ჩართული. როგორც "კომერსანტი" წერს გამოძიებაზე დაყრდნობით, ძმებმა შეაგროვეს ინფორმაცია, თავიანთ სახლში შეიფარეს თავდამსხმელები, შემდეგ კი ტრანსპორტით უზრუნველყვეს.

ბოლო მონაცემებით, დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ განხორციელებულ ტერაქტს 143 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი"). მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ტერაქტი უკრაინას დაუკავშიროს.

  • 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 143 ადამიანი.
  • თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").
  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.
  • 24, 25 და 26 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 8 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.
  • კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ტერაქტში ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

XS
SM
MD
LG