Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25 წელი მიუსაჯეს


სემ ბენკმან-ფრიდი დამნაშავედ ცნეს ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში.
სემ ბენკმან-ფრიდი დამნაშავედ ცნეს ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში.

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის, FT-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმან-ფრიდს, აშშ-ში სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ის დამნაშავედ ცნეს ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში, რის შედეგადაც კლიენტებისგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა.

Washington Post-ის თანახმად, სასამართლომ კრიპტოინვესტორს კლიენტებისთვის 11 მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

"ბატონი ბენკმან-ფრიდი ამბობს, რომ შეცდომები დაუშვეს... მაგრამ მან არ გამოხატა სინანულის სიტყვა საშინელი დანაშაულის ჩადენის გამო", - განაცხადა განაჩენის გამოტანის დროს ფედერალურმა მოსამართლე ლუის კაპლანმა.

2019 წელს დაარსებული ბირჟა FTX-ი 2022 წლის ნოემბრისთვის 32 მილიარდ დოლარად შეფასდა. კომპანიის ღირებულება განულდა იმ ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სემ ბენკმან-ფრიდის მეორე მსხვილი ბიზნესის აქტივები ძირითადად საკუთარი ბირჟის მიერვე გამოშვებული კრიპტოვალუტებისგან შედგება.

გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა FTX კლიენტების დეპოზიტები სესხების სახით გადაიტანა თავის ფონდ Alameda Research investment-ში, რომელმაც გამოიყენა ეს თანხები კრედიტორებთან ანგარიშსწორებისთვის და კრედიტებს გასცემდა თავად ბიზნესმენს, რომელიც იყენებდა მათ საფონდო სპეკულაციისთვის. მან თავად განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ არ იცოდა, რომ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა.

XS
SM
MD
LG