Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში, მობილიზებულთა მეუღლეების პიკეტზე, ჟურნალისტი დააკავეს


ფოტო არქივიდან: მობილიზებულთა მეუღლეების მოძრაობის აქცია მოსკოვში. 2023 წლის ნოემბერი
ფოტო არქივიდან: მობილიზებულთა მეუღლეების მოძრაობის აქცია მოსკოვში. 2023 წლის ნოემბერი

პოლიციელებმა შს სამინისტროს განყოფილებაში გადაიყვანეს SOTAvision-ის ჟურნალისტი ანნა სლივა, რომელიც კვირას თავდაცვის სამინისტროსთან იღებდა რუსი სამხედროების მეუღლეების მიერ გამართულ პიკეტს. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა განაცხადა.

ჟურნალისტს უთხრეს, რომ განყოფილებაში მხოლოდ გასაუბრებისთვის მიჰყავდათ, თუმცა მანამდე ჩამოართვეს პრესბარათი და რედაქციისთვის შესრულებული სამუშაო.

„მობილიზებულები დროა დაბრუნდნენ შინ“, - პიკეტს აწყობდა „მობილიზებულთა მეუღლეების მოძრაობის“ ორი აქტივისტი.

როგორც იტყობინებიან, მათ პოლიცია გაესაუბრა, მაგრამ არ დაუკავებია. ერთ-ერთმა აქტივისტმა ილაპარაკა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სრულ იგნორირებას უკეთებს დემობილიზაციის მოთხოვნებს.

„მედიაზონა“ წერს, რომ ანნა სლივასთვის ეს პირველი დაკავება არ არის. ბოლოს ის 24 თებერვალს დააკავეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეორე წლისთავისთვის გამართულ პიკეტზე, კრემლის კედელთან.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა SOTAvision-ის კიდევ ერთ ჟურნალისტს - ანტონინა ფავორსკაიას, ექსტრემისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით. მას 6-წლიანი ციხე ემუქრება.

გამოძიება ირწმუნება, რომ ფავორსკაია ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულ „კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან“ თანამშრომლობდა და უმზადებდა ვიდეოპროდუქციას. ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულია ნავალნაიას პრესმდივანი ამ ფაქტს უარყოფს.

XS
SM
MD
LG