Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2024 წლის არჩევნების სამი სცენარი


ავტორი: გიორგი აბულაძე

2024 წლის ოქტომბერში, საქართველოში უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მოქმედი ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში დასავლეთთან დაძაბულ ურთიერთობებშია, მეოთხე ვადისთვის იბრძოლებს. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის გარშემო შექმნილი კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შედეგად მოვიდა, ამ უკანასკნელს ქვეყნის მოდერნიზაცია და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები უკავშირდება. დროთა განმავლობაში „ოცნების“ რიგები დატოვა კვალიფიციურმა, დამოუკიდებელი პოზიციების მქონე სუბიექტებმა. ხელისუფლების მიმართ კი არადემოკრატიული ნაბიჯების ბრალდებებმა და ეჭვებმა ერთპიროვნული მმართველობის შესახებ იმატა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა პარტიამ ხმათა 48%-თ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო. ოპოზიციამ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა, შედეგად კი მათმა რეიტინგმა კლება განიცადა. პოლარიზაციამ (რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ გააძლიერა) ქართულ ოცნებას მისცა საშუალება 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც გადაელახა 43%-იანი ბარიერი და თავიდან აეცილებინა ვადამდელი არჩევნები.

ამ ეტაპისთვის მთავარი პოლიტიკური სუბიექტების გარდა (ქართული ოცნება, ენმ) არსებობს 3 კონკურენტუნარიანი ოპოზიციური სუბიექტი: ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელო“, გახარიას „საქართველოსთვის“ და მელია/გვარამიას „ახალი“. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები გამორჩეულია არამარტო იმით, რომ ის პირველად ტარდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით, არამედ ერთი უცნაური თავისებურებითაც–მმართველი პარტიის შედეგზე გადამწყვეტი არის, მომცრო ე.წ. „მესამე ძალის“ ოპოზიციური პარტიების შედეგი. საარჩევნო ბარიერი 5%-ია, ანუ პარტიამ იმისთვის რომ მანდატი აიღოს დაახლოებით 100,000 ხმა უნდა მიიღოს. სამივე ზემოთ ჩამოთვლილ პარტიას მოუწევს ბარიერის დაძლევისთვის ბრძოლა და მიუხედავად მაღალი შანსისა, მათ ეს გარანტირებული არ აქვთ. სწორედ ამ პარტიებზეა დამოკიდებული მომავალ წლებში ძალთა ბალანსი ქართულ პოლიტიკაში. მოდი, გავაკეთოდ არჩევნების მოდელირება და წარმოვიდგინოთ 3 შესაძლო სცენარი.

სცენარი N1–მმართველი პარტია მყიფე უმრავლესობას იღებს

არჩევნებზე საშუალო დონის აქტივობაა (ოფიციალურად 50%-ის ფარგლებში), ხელისუფლება აგრესიული კამპანიისა და გარკვეული მანიპულაციების შემდეგ ახერხებს ხმების 43-46%-ის მოგროვებას. ნაციონალურმა მოძრაობა ტრადიციულად მეორე ადგილზე გავიდა და მისი ხმები 20%-ის ფარგლებშია. ე.წ. მესამე ძალებმა (ლელო, გახარია, მელია/გვარამია) შეძლეს მცირედით გადამცდარიყვნენ 5%-იან ბარიერს და გაიყვანეს დეპუტატები პარლამენტში. ოპოზიციამ გამსხვილება ვერ შეძლო, არაორგანიზებული ოპოზიცია, რომელმაც ეფექტური წინასაარჩევნო კამპანია ვერ ჩაატარა ამომრჩევლის იმედგაცრუებას იწვევს. ხმები დაიკარგა და ბარიერ გადაულახავთა ჯამი 15%-ის ფარგლებშია. ქართულმა ოცნებამ ნაშთებით შეძლო უმრავლესობის შექმნა 80-მდე მანდატით (საჭიროა 76) ,ანუ მყიფე უმრავლესობა. ყველაფერი ძველებურად გრძელდება, თუმცა ხელისუფლება არასტაბილურია და ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. წინ კი 2025 წლის თვითმართველობის არჩევნებია... უკრაინის ფრონტზე ცვლილებებია (დიდი ალბათობით რუსეთისთვის არასახარბიელო), დასავლეთი როგორც კანდიდატ ქვეყანას რეფორმებს გვთხოვს, ოპოზიცია ახლა უფრო ძლიერია... თუ ამ ჰიპოთეტურ ვარიანტს წარმოვიდგენთ, ხელისუფლება იმარჯვებს თუმცა არადამაჯერებლად. ოპოზიციას კიდევ ერთი შანსი ექნება ხალხი ცვლილებებში დაარწმუნოს და ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს. „ოცნების“ არადემოკრატიული ნაბიჯები გაგრძელდება, ეს და სხვა მრავალი ფაქტორი კი დიდ ეჭვს მიჩენს მათ 2028 წლამდე მიაღწიონ. ვფიქრობ ამ სცენარის ალბათობა 50%-ია.

სცენარი N2–„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს

აქტივობა დაბალია. ოპოზიცია არჩევნებზე მოუმზადებლად გადის, არსებობს შიდა დაპირისპირებები, ამომრჩეველთან მუშაობა არ ხდება, კამპანია პრობლემურ საკითხებს არ ეხება, მოსახლეობაში ნიჰილიზმია. დასუსტებული ნაციონალური მოძრაობა 15%-ის ფარგლებში იღებს. სხვა ვერცერთი პარტია ბარიერს ვერ ლახავს. ქართული ოცნება 45-50%-ს იღებს. ნაშთების წყალობით ის პარლამენტში მყარ უმრავლესობას ქმნის და უახლოვდება საკონსტიტუციოსაც კი. დასავლეთი თვალს ხუჭავს გარკვეულ ნაბიჯებზე. მომავალი 4 წელი ღრმავდა ერთპიროვნული მმართველობა, ავტორიტარიზმი უფრო მძიმე ხდება.. ხელისუფლების ცვლილებისთვის საჭიროა ან ახალი პოლიტიკური მესია ან რევოლუციური პროცესები. ეს იქნება დემოკრატიის მარცხი და ჩვენი ქვეყნის უკუსვლა, რომლის შანსიც სამწუხაროდ 25%-ია.

სცენარი N3–ოპოზიცია კოალიციურ ხელისუფლებას აყალიბებს

აქტივობა საკმაოდ მაღალია (ოფიციალურად 55%-ის ფარგლებში). ოპოზიციამ შეძლო სწორი კონფიგურაცია და მოსახლეობაში მწყობრი, თემატური კამპანია ჩაატარა. ქართულმა ოცნებამ ვერ შეძლო 40-43%-ზე მეტის დადება არჩევნებზე. ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების მობილიზაცია მოახდინა და 20%-ზე მაღალი შედეგი დადო. ლელომ, გახარიამ და მელია/გვარამიას პარტიამ გადალახეს ბარიერი და 6-7%-ის მოგროვება შეძლეს. ნაშთი 10%-ის ფარგლებშია. ქართულ ოცნებას უმრავლესობისთვის მანდატები დააკლდა და საჭიროა კოალიცია. კოალიციურ ხელისუფლებას კრავს ან მთელი ოპოზიცია და თანხმდება ახალ მთავრობაზე ან რომელიმე პატარა პარტია/პარტიები ქართულ ოცნებასთან. ქართული სახელმწიფოსთვის ეს დღევანდელი მოცემულობით საუკეთესო სცენარია და მისი შანსიც 25%-ია.

მღელვარე ქართულ პოლიტიკაში პროგნოზები ძალიან რთულია და რასაკვირველია ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ასეა თუ ისე, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული მკითხველო. მაშ, აირჩიე ქართველო ერო!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG