Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი საპასუხო ზომებით იმუქრება სირიაში ირანის საკონსულოს დაბომბვის გამო


სირიის დედაქალაქ დამასკში, ირანის საკონსულოს დაბომბვაში თეირანი ისრაელს ადანაშაულებს.
სირიის დედაქალაქ დამასკში, ირანის საკონსულოს დაბომბვაში თეირანი ისრაელს ადანაშაულებს.

ირანმა განაცხადა, რომ „გადამწყვეტ“ საპასუხო ზომებს მიმართავს სირიის დედაქალაქ დამასკში, ირანის საკონსულოს დაბომბვის გამო. თეირანი საკონსულოზე ავიადარტყმაში ისრაელს ადანაშაულებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შენობა მთლიანად დანგრეულია.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, საკონსულოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი. სირიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ირანის საკონსულოს შენობა 1 აპრილს, საღამოს დამბომბეს.

ისრაელის არმიაში კომენტარს არ აკეთებენ. ამასთან, CNN-ს მოჰყავს ისრაელის არმიის წარმომადგენლის სიტყვები, რომ საკონსულო „ყუდსის“ სამოქალაქო შენობად შენიღბული სამხედრო ობიექტია. „ყუდსი“ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური ქვედანაყოფია, რომელიც უცხოეთში ოპერაციებზეა პასუხისმგებელი. აშშ-ს „ყუდსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დამასკში მოკლული გენერალი ზაჰედი „ყუდსის“ უფროსი მეთაური იყო. მოჰამად რეზა ზაჰედი ირანის ბირთვული პროგრამის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებულთა შორის იყო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საკონსულოზე ავიადარტყმა იყო ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა და თეირანი იტოვებს „აგრესორის“ წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებების უფლებას.

ანალიტიკოსების შეფასებით, დამასკში ირანის საკონსულოზე დარტყმა შესაძლოა, იქცეს ყველაზე სახიფათო ესკალაციად ღაზის სექტორის ფარგლებს გარეთ, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ომი გამოუცხადა ირანის მიერ მხარდაჭერილ, პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს.

ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, მოძრაობის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.

ჰამასის მიერ მართული ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან დაღუპულია 32 ათასზე მეტი პალესტინელი. საომარი მოქმედებების და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

XS
SM
MD
LG