Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე „გირჩს“: აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ


ხარტია დეკანოიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი
ხარტია დეკანოიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილეს პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ კანონპროექტი, რომელიც პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. „საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებებზე „გირჩი" „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმდა. სანაცვლოდ, ოპოზიციური პარტია მზად არის, მხარი დაუჭიროს „ქართული ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე.

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქალთა კვოტირების გაუქმება „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა იქნება.

რაც შეეხება „გირჩს, დეპუტატის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვახტანგ მეგრელიშვილი რუსთავში იყო მაჟორიტარი კანდიდატი და იაგო ხვიჩია - ბათუმში, მათ ამომრჩეველთა ხმების 3%-მდე აიღეს.

„თქვენ რა ნიშნით მოხვდით პარლამენტში? თქვენც კაცის დახმარებით მოხვდით პარლამენტში. ზურა გირჩი ჯაფარიძე რომ არ ყოფილიყო, რომელთანაც სერიოზული ქიშპობა გაქვთ, მოხვდებოდით თუ არა პარლამენტში?! ანუ თქვენც კაცის დამსახურებით ხართ პარლამენტში, როგორც ბევრი ქალი. ბატონებს, ჰერმან საბოს, იაგო ხვიჩიას და სანდრო რაქვიაშვილს, რა გამორჩეული პროფესიული ნიშანი გაქვთ, რის გამოც საქართველოს პარლამენტში თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ, - მიმართა დეკანოიძემ „გირჩის“ დეპუტატებს და დაამატა, - ეთანხმებით თუ არა ბატონ მეგრელიშვილს, რომ თურმე ქალებმა 'თანასწორობა უნდა დავიმსახუროთ'. ზოგადად, თანასწორები იბადებიან, ეს არის ადამიანის უფლებების პრინციპი, ჩვენ თანასწორობის დამსახურება არ გვჭირდება... არაფერი გაინტერესებთ, გარდა იმისა, რომ პარლამენტში მოხვდეთ, 5%-იანი ბარიერი გადალახოთ და ამაში ხელისუფლება დაგეხმაროთ. თქვენ ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოხვალთ".

ხატია დეკანოიძემ „გირჩის“ წევრებს ხელისუფლებასთან გარიგებულები უწოდა. „მეტ-ნაკლებად სერიოზული ხალხი მეგონეთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გარიგებული ადამიანები ყოფილხართ და მართალი ყოფილა, რასაც თქვენზე ამბობდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - მიმართა „გირჩის“ წევრებს დეკანოიძემ.

დეკანოიძეს სხდომაზე უპასუხა კანონპროექტის მომხსენებელმა, „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა: „მე ჩემს პარტიაში მოვედი, როგორც ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი, მხარდამჭერი და კამპანიის ხელმძღვანელი, მაგრამ ჩემი ახლობლების, ვიწრო წრის გარდა, ბევრი არ მიცნობდა. არა მგონია, რომ ჩემს პარტიას მოვუტანე რამდენიმე ასეულ ხმაზე მეტი. ფულს თუ არ ჩავთვლი, რომელსაც მე ვწირავდი ჩემს პარტიას...

კი, ზურა [ჯაფარიძე] ძალიან ცნობილი პირველი ნომერი იყო ჩვენი პარტიის და მთელი პარტია მუშაობდა, რომ ის ცნობილი ყოფილიყო. ყველამ დაინახა საბოლოო ჯამში, ჩვენ გარეშე, რას წარმოადგენს ზურა“.

დეპუტატი „გირჩის“ სხვა კანონპროექტების მხარდაჭერაზეც უარს აცხადებს.

„საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" სარჩელი.

XS
SM
MD
LG