Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაზარალებულები „კროკუსის“ მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ


მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში, მომხდარი ტერაქტის დროს დაზარალებულთა ნაწილმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს მიმართა განცხადებით - ისინი საკონცერტო დარბაზის მფლობელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.

ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აცნობა 11 დაზარალებული პირის ადვოკატმა იგორ ტრუნოვმა. მოსარჩელე დაზარალებულთა შორის არიან რამდენიმე დაღუპულის ნათესავები და ასევე გადამღები ჯგუფი, რომელსაც ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტი უნდა გადაეღო.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ საკონცერტო დარბაზის მფლობელებმა, სავარაუდოდ, სათანადო ყურადღება არ მიაქციეს ობიექტის სახანძრო უსაფრთხოებას. კერძოდ, თვითმხილველების თქმით, სცენის ფარდას, რომელიც ცეცხლგამძლე მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, ცეცხლი რამდენიმე წამში გაუჩნდა.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ მწყობრიდან იყო გამოსული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და კვამლის გამწოვი სისტემა. ტრუნოვმა მოწმეებზე დაყრდნობით განმარტა, რომ ტერაქტის დროს ევაკუაციის მრავალი გასასვლელი იყო ჩაკეტილი.

მოსკოვის ოლქში მდებარე „კროკუსის სიტი ჰოლი“ ეკუთვნის "კროკუს ჯგუფის" ხელმძღვანელს, ბიზნესმენ არას აგალაროვს.

ტერაქტის შედეგების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ სახანძრო დაცვის ყველა სისტემა კარგ მდგომარეობაში იყო, ხოლო „კროკუსის“ უსაფრთხოების სამსახურმა ვერ შეძლო შეიარაღებული თავდასხმის შეჩერება.

„კროკუს სიტი ჰოლის“ მეპატრონეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ობიექტის აღდგენა სურთ, მაგრამ ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

  • მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლზე“ თავდასხმა 22 მარტს, საღამოს მოხდა. ჯგუფ „პიკნიკის" კონცერტზე მისულ ხალხს ცეცხლი გაუხსნეს ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 140-ზე მეტი ადამიანი.
  • თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").
  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 12 პირი, მათ შორის ტერაქტის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG