Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეტინგის მომხრე მოსამართლე ქმარზე ზეწოლაზე საუბრობს - ბრალდებას სასამართლოს დეპარტამენტმა უპასუხა


მადონა მაისურაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
მადონა მაისურაძე, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე აცხადებს, რომ მისი პოზიციის გამო სასამართლო სისტემაში დასაქმებული მისი ქმარი იძულებული გახადეს, სამსახური დაეტოვებინა. მოსამართლე საუბრობს ზეწოლაზე, რასაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საკითხზე თავის პოზიციას უკავშირებს.

„ადამიანის უფლებების დაცვაზე თავს რომ მოიწონებს რომელიმე ხელისუფალი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩემს ამ საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. გიორგი [ჩემია] ფაქტობრივად იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და წამოსულიყო იმ სამსახურიდან, სადაც ბოლო წლები მუშაობდა“, - წერს სოციალურ ქსელში მოსამართლე მადონა მაისურაძე.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი სიცრუეს უწოდებს მოსამართლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მეტიც, თავის განცხადებაში დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გიორგი ჩემია არ ცხადდებოდა ან მხოლოდ ნახევარი სამუშაო დღით მიდიოდა სამსახურში.

„მას, სხვა თანამშრომლების მსგავსად, შეეთავაზა რომ სამსახურში დროულად გამოცხადებულიყო და სრული სამუშაო დატვირთვით ემუშავა (კოლეგების თანასწორად), რაზეც მან განაცხადა უარი და თქვა, რომ მისთვის ეს გრაფიკი მიუღებელი იყო და ვერ შეძლებდა ინტენსიურ სიარულს, რის შემდეგაც სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო“, - წერია სასამართლო დეპარტამენტის განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ევროკომისიის რეკომენდაციებში სასამართლოსთან დაკავშირებით ახალი ჩანაწერი გაჩნდა. საქართველოს ხელისუფლებას მოსამართლეების ნაწილის კეთილსინდისიერების შემოწმება დაევალა.

ევროკავშირში მოსამართლეების შემოწმების ეს მეთოდი ვეტინგის (Vetting) სახელითაა ცნობილი. მართალია, ეს ტერმინი საქართველოს შესახებ რეკომენდაციებში ნახსენები არაა, მაგრამ ქართველმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შესახებ ჩანაწერს ვეტინგი დაარქვეს.

XS
SM
MD
LG