Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ ადასტურებს რუსეთის სამხედრო ფლოტის ყველა მეთაურის შეცვლას


სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი
სერგეი შოიგუ, რუსეთის თავდაცვის მინისტრი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფლოტის სარდლობაში მომხდარი ცვლილებების შესახებ აცხადებს.

სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურად დაინიშნა ადმირალი ალექსანდრ მოისეევი, რომელიც მანამდე ჩრდილოეთის ფლოტს ხელმძღვანელობდა. ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის ვაკანტური ადგილი ვიცე-ადმირალმა კონსტანტინე კაბანცოვმა დაიკავა, შავი ზღვის ფლოტის სარდლად კი ფლოტის შტაბის ყოფილი უფროსი, ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი დაინიშნა.

ზოგიერთ ამ ცვლილებაზე უკვე წერდნენ რუსი სამხედრო ბლოგერები და ჟურნალისტები, 2 აპრილს კი შესაბამისი ცვლილებების შესახებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილ განკარგულებებზე, სამხედრო უწყების თანახმად, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გამოაცხადა სელექტორულ თათბირზე.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში ცვლილებები ხდება უკრაინასთან ომში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წარუმატებლობის ფონზე.

რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვლიდან გაჩაღებული ომის განმავლობაში, უკრაინამ მოახერხა ფლოტის ფლაგმან კრეისერ „მოსკვის“, უახლესი კლასის კორვეტ „სერგეი კოტოვის“, დიდი სადესანტო გემების, „სარატოვის", „ნოვოჩერკასკის“, „ცეზარ კუნიკოვისა" და ასევე რამდენიმე სადესანტო და საპატრულო კატარღის ჩაძირვა. უკრაინამ რამდენჯერმე წარმატებით შეუტია შავი ზღვის ფლოტის სახმელეთო ობიექტებს, მათ შორის საშტაბო და მართვის შენობებს.

უკრაინა ძირითადად საზღვაო დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით აწარმოებს იერიშებს მოწინააღმდეგის ზურგში. მოსალოდნელი იერიშების შიშით რუსეთის გემების უმეტესობამ დატოვა სევასტოპოლის ბაზა და ნოვოროსიისკში გადავიდა.

XS
SM
MD
LG